ახალი ამბები

მე ვარ ამაყი და მაქვს ზეიმი, თქვენ კი პანაშვიდი – მელია დეპუტატებს

26 ივნისი, 2019 • 1887
მე ვარ ამაყი და მაქვს ზეიმი, თქვენ კი პანაშვიდი – მელია დეპუტატებს

“მე ვარ ამაყი და მაქვს ზეიმი, თქვენ კი პანაშვიდი“ – ასე მიმართა დღეს პარლამენტს ნიკა მელიამ სხდომაზე, რომელზეც მისი იმუნიტეტის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

დეპუტატების პროკურორთან კითხვა-პასუხის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ნიკა მელიას 2 წუთი მისცა, რათა განცხადება გაეკეთებინა. სხდომას ბოიკოტის მიზეზით არ ესწრებიან “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

სანამ ნიკა მელია ისაუბრებდა, “ქართული ოცნების” წევრმა მამუკა მდინარაძემ მელიას უთხრა, რომ თანაგუნდელებმა “მარტო დატოვეს, რათა ნიკა მელია ყველას შეცოდებოდა”.

ნიკა მელიამ დეპუტატებს შემდეგი სიტყვით მიმართა:

“არ ვაპირებდი განცხადების გაკეთებას და საერთოდ არ ვაპირებდი აქ ლაპარაკს, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი, ვთქვა შემდეგი: მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს და მათ ეს თხოვნა გაითვალსიწინეს, რომ ეს სურათი ყოფილიყო, რაც არის. დიახაც, დღეს მე აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი. მე აქ დღეს ვარ ამაყი, მაგრამ თქვენ, მგონი, არ ხართ ამაყები. მე დღეს ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენს თავს გრძნობთ პირიქით – უხერხულ მორჩილებაში.

მე ბევრი რამ მექნება სათქმელი ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, თან სიამაყით. ვფიქრობ, თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, განსაკუთრებით, თუ გავისთვალისწინებთ იმ ეპიზოდს, რომ მტერი ჩასვით პარლამენტის თავმდჯოამრის სავარძელში. მე მგონია, რომ დიახაც, მე ვარ ისტორიის სწორ მხარეს და თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარეს.

მე დღეს შემიძლია თითოეულ თქვენგანს თავისუფლად თვალი გაგისწოროთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს იგრძნობა აქ, ამ დარბაზში. დიახაც, მე ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი. თქვენ დღეს აპირებთ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი და მე მაქვს ზეიმი, თქვენ – პანაშვიდი. და დღეს მე განაჩენს ვერ გამომიტანთ და ღილაკზე მიჭერით თქვენ, უბრალოდ, თქვენს ბედსა და ცხოვრებას განსაზღვრავთ … ამის თქმასაც არ ვაპირებდი, რომ არა ის ცილისწამება კოლეგების მიამრთ”.

საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს მხარი დაუჭირეს პროკურატურის მოთხოვნას და პროკურატურას მისცეს უფლება, დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.

საკითხს დღესვე უყრიან კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”.

ნიკა მელიას ბრალს წარუდგენენ, პროკურატურა მის დაკავებას აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი