ახალი ამბები

2 მძიმე პაციენტიდან ერთ-ერთის კლინიკური პარამეტრები უმჯობესდება — კლინიკა

26 ივნისი, 2019 • 1492
2 მძიმე პაციენტიდან ერთ-ერთის კლინიკური პარამეტრები უმჯობესდება — კლინიკა

„ნეტგაზეთს“ ევექსის რეგიონული ჰოსპიტალიდან აცნობეს, რომ ორი მძიმედ მყოფი პაციენტიდან ერთ-ერთის კლინიკური პარამეტრები უმჯობესდება; მეორე მძიმე პაციენტის მდგომარეობა უცვლელია — სტაბილურად მძიმე, ხოლო მესამე დღეს გადაჰყავთ პალატაში და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაწერენ.

როგორც კლინიკის დირეტორმა, ნათია ნუცუბიძემ გვითხრა, ამ ეტაპზე ორი მძიმე პაციენტიდან ერთ-ერთი მართვითი სუნთქვის აპარატიდან ჩახსნის პროცესშია, მისი კლინიკური პარამეტრები უმჯობესდება, თუმცა ჯერ კიდევ სჭირდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და ჯერაც მართვით სუნთქვაზეა. ეს პაციენტი, სავარაუდოდ, არის 31 წლის დავით ფარადაშვილი.

მეორე მძიმე პაციენტი, რომელიც სტაბილურად მძიმედაა, მართვით სუნთქვაზე რჩება. როგორც კლინიკის დირექტორმა გვითხრა, მათთან გადმოყვანის შემდეგ პაციენტის მდგოამრეობა არ შეცვლილა — არც გაუმჯობესებულა და არც გაუარესებულა.

მესამე პაციენტი, რომელიც ამ დრომდე ევექსის რეგიონულ ჰოსპიტალში რჩება, დირექტორის ცნობით, დღეს პალატაში გადაჰყავთ. მისივე ცნობით, რამდენიმე დღეში მისი გაწერა იგეგმება. ეს პაციენტი, ნეტგაზეთის ინფორმაციით, არის 24 წლის დემეტრე ნაყოფია. მას ოფთალმოლოგიური და ნეიროქირურგიული ოპერაციები გაუკეთეს (ანუ თვალსა და თავის ტვინზე). მას თვალი შეუნარჩუნეს, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია მხედველობის საკითხი. როგორც მისმა მეგობარმა გვითხრა, იგი აღიქვამს სინათლეს, თუმცა, სავარაუდოდ, დაახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა, შეუნარჩუნდება თუ არა მხედველობა, ან რამდენი პროცენტით.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი