ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაკარგულთა ნეშტების მოსაძიებლად 40-ზე მეტი სამარხის გათხრა მიმდინარეობს – მინისტრი

26 ივნისი, 2019 •
დაკარგულთა ნეშტების მოსაძიებლად 40-ზე მეტი სამარხის გათხრა მიმდინარეობს – მინისტრი

“ამ პერიოდში 40-ზე მეტი სამარხის გათხრა მიმდინარეობს, სადაც სავარაუდოდ მოძიებული იქნება იმ ადამიანების ნეშტები, რომლებიც დაკარგულთა სიაში არიან. მათი რიცხვი დღეისათვის 2300-ს აღწევს”, – აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით,  შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეს, 26 ივნისს უწყებათაშორისი შეხვედრა ჩატარდა.

მინისტრის აპარატის ცნობით, გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობა, რომელიც 90-იან წლებში და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად  დაკარგული პირების მოძიებას, გამოვლენას და ოჯახებისათვის ნეშტების გადაცემას ისახავს მიზნად.

„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი ტრაგედიები გამოვიარეთ და რამდენი ადამიანია, რომელიც გაუნელებელი ტკივილით ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია მსხვერპლის ოჯახის ნუგეში, მაგრამ ხშირად მათთვის დიდი შვებაა იმის ცოდნა, თუ სადაა მათი ახლობლის საფლავი. დღეს ჩვენ ვსაუბრობდით, თუ რა სამუშაოა გასაწევი მომავალში.

ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. სახელმწიფო მინისტრის აპარატი აფხაზურ მხარესთან ორმხრივი საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი ოსურ მხარესთან სამმხრივი კომისიის ფარგლებში, წითელი ჯვრის კომიტეტის მეშვეობით, ამ საკითხებზე მუშაობს.  ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მუშაობის ეფექტურობა მეტი კოორდინაციით. ძალიან მალე ალბათ სამუშაო ჯგუფს შევქმნით, სადაც ყველა შესაბამისი უწყება იქნება წარმოდგენილი, რომელიც პროცესში უკვე ჩართულია და საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური გახდება“, – განაცხადა ციხელაშვლმა.

საკოორდინაციო მექანიზმის  მანდატი  1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზოუკვლოდ  დაკარგული 2 200-ზე მეტი პირის  ბედისა და ადგილსამყოფელის გარკვევას და მათი ოჯახის წევრების  სათანადოდ ინფორმირებას ითვალისწინებს. ოფიციალური ინფორმაციით, მექანიზმის საქმიანობის შედეგად 2010 წლიდან დღემდე, ჯამში, 129 სამარხის გახსნა და 430 ნეშტის ექსჰუმირება მოხერხდა.  იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 163 პირის ნეშტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი