ახალი ამბები

საქმეში პირველივე წუთიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები – ნიკა მელიას ადვოკატი

26 ივნისი, 2019 • 1109
საქმეში პირველივე წუთიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები – ნიკა მელიას ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის თქმით, პროკურატურის მიერ მელიას წინააღმდეგ სასმართლებრივი დევნის დაწყების საქმეში საპროცესო დარღვევებია. ადვოკატი განმარტავს, რომ ამ დრომდე მტკიცებულებები არ გადასცემიათ.

“მინდა დავაფიქსირო, რომ აღნიშნულ საქმეში პირველივე წუთიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები. გუშინელი დღიდან ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას, რომ გადმოგვეცეს მტკიცებულებები, თუ რაზე დაყრდნობით განხორციელდა ბრალდება ნიკა მელიასათან მიმართებით. დღემდე ჩვენ არ გადმოგვცემია არანაირი მტკიცებულება.

მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ პროკურატურის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ შუამდგომლობაში არის ძალიან ბევრი შეუსაბამო ფაქტები, ისეთ ფაქტებზეა მითითება, რომ თითქოს ნიკანორ მელია მიიმალება და აუცილებელია მისი დაპატიმრება, მას აქვს ორი პასპორტი, რომ იგი საზღვარგარეთ რამდენჯერმე არის ნამყოფი და ასეთ სამართლებრივ თემატიკას განიხილავს ახლა პარლამენტი“, – ამბობს ადვოკატი.

გარდა ამისა, გიორგი კონდახაშვილი აღნიშნავს, რომ ასევე გაუგებარია ბრალდების შინაარსიც.

“რას გულისხმობს პროკურატურა ორგანიზებაში, ხელმძღვანელობაში, მასობრივ არეულობაში და გადატრიალებაში? უამრავი ვიდეოჩანაწერი არსებობს, სადაც ნიკა მელია აცხადებს, “მშვიდობიანად, ხელებაწეული, კონსტრუქციულად შევიდეთ პარლამენტში და გავაპროტესტოთ“.

თუკი ამას გულისხმობ, პროკურატურა მასობრივ არეულობაში, გადატრიალებასა და ბუნტში, დამერწმუნეთ, ეს არის დიდი სამართლებრივი აბსურდი. მეტს ვერაფერს მოგახსენებთ ამ ეტაპზე. შევალ, გადმოგვეცემა მტკიცებულებები და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს“, – განმარტავს კონდახაშვილი ჟურნალისტებთან.

მთავარი პროკურატურა ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას ბრალის წარდგენას აპირებს და მის დაპატიმრებას ითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”.

ნიკა მელიას ბრალს წარუდგენენ, პროკურატურა მის დაკავებას აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი