ახალი ამბები

შსს: გრემის რწმუნებულმა კახეთის ღვინის ქარხნები 81 ათასი ლარით აზარალა

18 დეკემბერი, 2014 • • 1003
შსს: გრემის რწმუნებულმა კახეთის ღვინის ქარხნები 81 ათასი ლარით აზარალა

შსს-ს ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, გიორგი ღუტიშვილი სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობის ბოროტად გამოყენებით მიმდინარე წლის შემოდგომაზე, რთვლის პერიოდში, ყურძნის მიღება-ჩაბარებისას, მოქალაქის სახელზე სისტემატურად გასცემდა ყალბ დოკუმენტაციას. გიორგი ღუტიშვილმა აღნიშნული მოქალაქის სახელზე სულ გასცა 108 ტონა ყურძნის მიღება-ჩაბარების შესახებ ყალბი ცნობა, რის გამოც კახეთის რეგიონის რამდენიმე ღვინის ქარხანამ 81 000 ლარის ზარალი მიიღო.

სამართალდამცველებმა გრემის რწმუნებული გიორგი ღუტიშვილი გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით).

შსს
შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი