ახალი ამბები

ენმ და “მოძრაობა “ალტერნატივა” შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას მართავენ

25 ივნისი, 2019 • 1257
ენმ და “მოძრაობა “ალტერნატივა” შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას მართავენ

ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები და ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები შეკვეთილში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან. „გახარია წადი“, „გადადექი“ – ეს შეძახილები ისმის მსვლელობისას.

„ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ ოლიგარქმა გაიგონოს იმ ახალგაზრდების ხმა, რომელსაც შეუძლია გადაიბაროს ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები. ჩვენ ვამბობთ – „არა ოლიგარქიას“. ამ ქვეყანაში ახალგაზრდა თაობამ უნდა აიღოს ხელში ქვეყნის მართვა, რადგან ჩვენ არ ვართ პუტინის მონები“, – აცხადებენ მსვლელობის მონაწილეები.

„ჩვენ გავამზადეთ ბანერი, სადაც გამოსახულია ბიძინას სიმბოლო ხე და გახარიას სიმბოლო, – ამოთხრილი თვალი“, – ამბობს მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე, ლაშა ადამია.

აქციის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს პოლიციას, რადგან მათი განცხადებით, მსვლელობის პროცესში მათ შეფერხება არ ჰქონიათ.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისის აქციებს და მოვითხოვთ გადადგეს გიორგი გახარია და სასწრაფოდ გაათავისუფლონ აქციაზე დაჭერილი ახალგაზრდები“, – ამბობს ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წარმომადგენელი ანრი გუბაევი.

აქცია ივანიშვილის რეზიდენციის წინ ამ წუთებშიც გრძელდება.

მთავარი ფოტო: კადრი აქციის მონაწილის ლაშა ადამიასFB-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი