ახალი ამბები

სესიაშვილი “სულ რაღაც 14 პირის” დაშავების განცხადების გამო ბოდიშს იხდის

25 ივნისი, 2019 • 1567
სესიაშვილი “სულ რაღაც 14 პირის” დაშავების განცხადების გამო ბოდიშს იხდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ბოდიში მოიხადა მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების გამო, რომლის თანახმადაც, 20 ივნისს, ვითარების დაძაბვიდან პირველი ორი საათის განმავლობაში, “ასამდე პოლიციელი და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი დაშავდა, ისიც ჭყლეტაში”.

ამასთან, სესიაშვილმა თქვა, რომ მის არაკორექტულ განცხადებას ზოგიერთმა მედიასაშაულებამაც არასწორი ინტერპრეტაცია მისცა.

“დღეს განცხადებების დროს მე ვისაუბრე ძალადობის ესკალაციის დაწყების პირველ 2 საათზე. ვისუაბრე, რომ ასი პოლიციელი დაშავდა, ასევე, 14 სამოქალაქო პირი. ზოგიერთმა სააგენტომ, სამწუხაროდ, გაავრცელა ინფორმაცია და არ მიუთითა, რომ პირველ 2 საათზე ვსაუბრობდი. თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ ჩემი მხრიდან არაკორექტურლად იქნა ნათქვამი, როდესაც მე ვსაუბრობდი სულ რაღაც 14 ადამიანზე და ამის გამო მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. ჩემი სურვილი იყო ამ შემთხვევაში ხაზი გამესვა იმ გარემოებისთვის, რომ პოლიცია პირველ 2 საათში შეკავებით ღონისძიებას ახორციელებდა. თოთოეული ჩვენი თანამოქალაქის, პოლიციელის თუ სამოქალაქო პირის ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაოდენობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არა აქვს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ პოლიცია ორი საათის განმავლობაში სრული მოთმინებით, აბსოლიტურად ძალადობრივი რეაგირების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ამის ლეგიტიმური და კანონიერი უფლება ჰქონდათ, შეიძლება ვალდებულებაც, იდგნენ და იცავდნენ ქვეყნის ინსტიტუტს, ჩვენს მოქალაქეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი