ახალი ამბები

გავრილოვი ამბობს, რომ პარლამენტში სხდომის ჩატარება ქართულმა მხარემ შესთავაზა

25 ივნისი, 2019 • 1977
გავრილოვი ამბობს, რომ პარლამენტში სხდომის ჩატარება ქართულმა მხარემ შესთავაზა

სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ პარლამენტში სხდომის ჩატარების შემოთავაზება ქართული მხარისგან მიიღო. მისი თქმით, მას ესაუბრა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დაჰპირდა, რომ ყველაფერი “უმაღლეს დონეზე იქნება“.

“ჩვენ არ გვეგონა, რომ რამე მოხდებოდა ორი  მიზეზის გამო: არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ლიდერებმა თავიანთი სტუმართმოყვარეობა გამოავლინეს და პარლამენტის თავმჯდომარემ მე მითხრა, რომ “მიღება იქნება უმაღლეს დონეზე, ჩვენ ველოდებით თქვენს ფორუმს, ის ძალიან კარგად იმოქმედებს საქართველოს ქვეყნის ავტორიტეტსა და რეიტინგზე მსოფლიოშიო“, არამედ იმიტომაც, რომ არსებობდა უსაფრთხოებისა და სტუმართმოყვარეობის წერილობითი გარანტიები.

მე ვიკითხე კიდეც, იქნებ უფრო სადად შევკრებილიყავით და ჩაგვეტარებინა… არა,  აუცილებლად პარლამენტში, მხოლოდ პარლამენტში, საუკეთესო დარბაზშიო.. თქვენ, რა თქმა უნდა, პრეზიდიუმში წაიყვანთ სხდომას, ჩამოიყვანეთ თქვენი ცოლები და შვილები, რომ ყველამ დაინახოს, თუ რა კარგია საქართველო, რა კარგად ღებულობს სტუმრებს და ის დანამდვილებით ევროპული ქვეყანააო“, – ამბობს გავრილოვი რუსული სამთავრობო ტელეარხი,ს NTV-ს ეთერში.

გავრილოვმა ასევე თქვა, რომ საქართველოში ყოფნისას ე.წ. ფეიკ ნიუსების მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერები მასზე ამბობდნენ, რომ ის აფხაზეთის ომში მონაწილეობდა, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის.

“ისე, რა სავარძელი იყო, არც ისე კომფორტულია, მაგრამ პრინციპში ჩვენ თავმდაბალი ხალხი ვართ და ტაბურეტებზეც კი ვიმუშავებთ. ეს იყო ქართველი მხარის ოფიციალური მოწვევა ჩვენი პროტოკოლის მიხედვით. ჩვენ მსგავს მოვლენებს არ ველოდებოდით, რადგან ჩვენ გვეგონა, რომ საქართველოში არის ხელისუფლება და დემოკრატია მათთვის ცარიელი სიტყვა არ არის“, – თქვა მან.


გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობს. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო. 20 ივნისს კი ღონისძიება საქართველოს პარლამენტის შენობაში გავრილოვმა გახსნა.

გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა ფართომასშტაბიანი აქციები, რომელიც 20 ივნისს ხელისუფლებამ დაარბია. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი.

ოფიციალური ცნობით, დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

აქტივისტები ასევე ითხოვდნენ პროპოციულ სისტემაზე გადასვლას, რაზეც ხელისუფლება 24 ივნისს დათანხმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი