ახალი ამბები

კვიციანის თქმით, მზად იყო დევნილების დაბრუნების სანაცვლოდ რუსები კოდორში შემოეშვა

25 ივნისი, 2019 • 1345
კვიციანის თქმით, მზად იყო დევნილების დაბრუნების სანაცვლოდ რუსები კოდორში შემოეშვა

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი მართლმადიდებლობის საპარლამენტო გენერალური ასამბლეის ჩაშლის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. დეპუტატის თქმით, გამოძიებულ უნდა იქნას, ვინ იდგა პროვოკაციის უკან.

კვიციანი იმ ეკონომიკური და პოლიტიკური ზარალით დაინტერესდა, რომელიც ასამბლეის ჩაშლამ გამოიწვია.

“რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ოკუპანტია ჩემთვის და თქვენთვის, მაგრამ არა თანაოკუპანტებისთვის. რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ვინ გაუფორმა ტერიტორიების 22%? ვინ მისცა ლეგიტიმაცია შემოსვლაზე კოდორშიც და ცხინვალშიც? იგივე მომენტი იყო ახლაც ჩატარებული. ხელში მიჭირავს სამ ენაზე – ქართულად, რუსულად და ინგლისურად შედგენილი პროტოკოლი. მე შევადგინე? რადგანაც შევთანხმდით, მოვიწვიეთ, დავსვით აქ, ეს უნდა ჩატარებულიყო ბოლომდე. მერე გამოძიება ჩატარებულიყო და პასუხისმგებელი პირები დასჯილიყვნენ. მაგრამ ამას უნდოდა ჭკუა, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია და ემოციებზე ვმუშაობთ. დღეს როგორც დადექით ერთ მუჭად შეკრული ამათ [ენმ-ის] წინააღმდეგ, ასე უნდა იყოთ ყოველთვის. ესენი არიან საქართველოს მტრები…”, – განაცხადა კვიციანმა.

“ვინმემ განსაზღვრა, რამხელა დანაკრგი გვაქვს ამ ასამბლეის ჩაშლით? – პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც –  დათვალა ვინმემ?” – განაცხადა კვიციანმა.

კვიციანი წინადედებით გამოვიდა, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია იმის დასადგენად, ვინ იდგა პროვოკაციის უკან.

“გრიგოლ ვაშაძე აღმოჩნდა გავრილოვის უახლოესი მეგობარი, რომელმაც მოუწოდა ხალხს გავრილოვის წინააღმდეგ გამოსასვლელად. 2003 წლის 5 ივნისი გამახსენდა, როდესაც ჩემთან კოდორის ხეობაში გაერო-ს მისიის ოფიცრები გაიტაცეს. და გაიტაცეს რატომ? მიზეზი იყო ის, რომ ძალიან დიდ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ კოდორში შემოვუშვებდი რუსებს და სანაცვლოდ სოხუმამდე, მთელ აფხაზეთში ჩაასახლებდნენ ჩვენს დევნილებს. ამის ჩასაშლელად რუსებმა ისევ ქართველებს გაატაცებინეს გაერო-ს მისიის წარმომადგენლები და შემდეგ სისხლის სამართლის საქმე ჩემზე აღძრეს”, – განაცხადა დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი