ახალი ამბები

სადაც გახარიაა, იქ არის სისხლი და ცხედრები – ფოფხაძე

25 ივნისი, 2019 • 953
სადაც გახარიაა, იქ არის სისხლი და ცხედრები – ფოფხაძე

“სადაც გახარიაა, იქ არის სისხლი და ცხედრები“, – განაცხადა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დღეს, 25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე. მან მიმართა მმართველ გუნდს და განმარტა, რომ 20 ივნისის მოვლენების პასუხისმგებლობას “ნაციონალების ფაქტორით“ ვერ გადაფარავენ.

ფოფხაძემ თავის გამოსვლაში განმარტა, რომ აუცილებელია ერთი მორალური სტანდარტი შეიქმნას და არ შეიძლება 7 ნოემბრისა ან 26 მაისის ერთი სტანდარტით შეფასება, 20 ივნისისა კი – სხვა სტანდარტით.

“რაც ხდებოდა 20 ივნისს, ამას არანაირი მორალური სტანდარტი არ აქვს. ჩვენ ომი გამოვუცხადეთ საკუთარ ხალხს. მეტიც, არც გამოვუცხადეთ, გამოცხადების გარეშე დაიწყო ეს ყველაფერი. 15 წუთთ ადრე პრემიერი გვპირდებოდა ყველას, რომ ეს არ არის “ქართული ოცენების“ სტანდარტი, რომ სისხლი არ დაიღვრება, რეზინის ტყვიები არ იქნება, მომწამლავი გაზი არ ინქება… 15 წუთის მერე დაიწყო შტურმი საკუთარ ხალხზე. და იქ “ნაციონალების“ ფაქტორით ყველაფრის გადაფარვა ამორალურია.

ეს არის რეალობა, რომ სადაც არის გახარია… იყო სამეგრელოში და იქ საარჩევნო კამპანიას შეეწირა ჩემი მეგობრის [ბაჩანა შენგელია] დედა – ია კერზაია. იმ ტერორს, რომელიც სამეგრელოში ხდებოდა და აქ რაც მოხდა, ეს იყო ელემენტარული ძალადობა. მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ გინდათ ახლა დაიცვათ გახარია, მაგრამ მე ჩემს სათქმელს ვიტყვი იმიტომ, რომ მე ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი…

“ნაციონალი“ ზონდერებითაა გამოვსებული ძალოვანი სტრუქტურები  – ეს ახალი არის ვინმესთვის?

ნაციონალი ზონდერებითაა გამოვსებული ძალოვანი სტრუქტურები, მოსამართლეები “ნაციონალი“ ზონდერები არიან. “ქართული ოცნების“ “ნაციონალიზაცია“ რომ დასრულდა 20 ივნისს, ეს არის მთავარი შედეგი ამ ყველაფრის. ამ ყველაფერს ან გავუსწორებთ თვალს, ან სიცრუეში ვიცხოვრებთ.

ეს არის რეალობა – სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები. და თქვენ შეგიძლიათ გადაეფაროთ – კი, მაგრამ ყველას გვაქვს გარკვეული მორალური ვალდებულება. მე მიმაჩნია, რომ გახარია უნდა გადადგეს და აიღოს პასუხისმგებლობა და ყველა ის ფრაზები და გამოსვლები, რასაც ვისმენ, მიმაჩნია იაფფასიან დემაგოგიად.

ვისაც რა უნდა, ის თქვას. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე და “ნაციონალების“ ფაქტორით ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ეს პასუხისმგებლობა აქვს გიორგი გახარიასაც და ნებისმიერ ჩვენგანს“,- ამბობს გედევან ფოფხაძე.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი.

ოფიციალური ცნობით, დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

აქტივისტები ასევე ითხოვდნენ პროპოციულ სისტემაზე გადასვლას, რაზეც ხელისუფლება 24 ივნისს დათანხმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი