ახალი ამბები

“ბნელი ძალების მომსახურე პერსონალი“ – ადა მარშანია ჟურნალისტებს აკრიტიკებს

25 ივნისი, 2019 • 1322
“ბნელი ძალების მომსახურე პერსონალი“ – ადა მარშანია ჟურნალისტებს აკრიტიკებს

დეპუტატი ადა მარშანია აფასებს ბოლო დღეებში ჟურნალისტების მუშაობას. მარშანია მიიჩნევს, რომ ტელეარხები და ზოგადად ჟურნალისტები “ბნელი ძალების მომსახურე პერსონალია“.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, რომელიც დაპირისპირებით დაიწყო, ადა მარშანიამ განაცხადა, რომ “პატრიოტთა ალიანსი“ საკანონმდებლო ორგანოში სუს-ის უფროსის, შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლას ითხოვს.

ამასთანავე, მან მიმართა “ქართული ოცნების“ “პატიოსან დეპუტატებს” და პარტიის დატოვებისკენ მოუწოდა: “იმიტომ, რომ თქვენი ე.წ. პოლიტიკური ელიტა თქვნს ზურგს უკან ძალიან ბნელ მოლაპარკებებსა და კოჰაბიტაციაში რომ არის ამ სადისტური პარტიის წარმომადგენლებთან, ამას თქვენ ვერ ხედავთ?! რამდენჯერ უნდა დარწმუნდეთ ამაში, ხალხნო?!“

რაც შეეხება ჟურნალისტებს, მარშანია მათ ასე აფასებს:

“მინდა მივმართო ე.წ. ტელეარხებს და ე.წ. ჟურნალისტებს, რომლებიც სინამდვილეში არიან მომსახურე პერსონალი ამ სადისუტრი პარტიის, რომელიც კოჰაბიტაციაში არის “ოცნებასთან“ და თანაოკუპანტია გავრილოვის. გავრილოვის ნაკლებები ესენი არ არიან, თქვენ მე ამ დღეებში რა გამიბედეთ!? რა ბინძური შეფასებები დაატრიალეთ ასჯერ?! გავრილოვს ვუთავისუფლებდი თურმე მე ადგილს. ეს არის ნაძირლობა თქვენი მხრიდან.

“პირველის“ ჟურნალისტები, რომელსაც “პირგველი“ ჰქვია სამართლიანად ხალხში, “რუსთავი 2“,  “ცრუსთავი“ რომ ჰქვია სამართლიანად ხალხში და, სამწუხაროდ, ვაი, “იმედის“ ჟურნალისტები ჩემთან ახლოს ინტერვიუზე არ მოხვიდეთ და ჩემს კაბინეტთან ახლოს არ მოხვიდეთ! თქვენ ხართ პროვოკატორები და ამ ბნელი ძალების მომსახურე პერსონალი. აი, ვინ ხართ თქვენ და ბოდიში მომიხადეთ მე იმისთვის, რაც ამ დღეებში გამიკეთეთ. თქვენ მე ნუ მასწავლით, ოკუპანტს რანაირად უნდა ველაპარაკო. მე ოკუპანტის ბუდეში ჩავდივარ, მოსკოვში, თვალებში ვუყურებ და ოკუპანტს ვეუბნები იმას, რაც ეკუთვნის. თქვენ ამას ვერ გააკეთებდით მისდღემში ამ კამერებით“, – განაცხადა მარშანიამ.


დეპუტატ ადა მარშანიას განაწყენება გამოიწვია 20 ივნისის მოვლენების გაშუქებამ. ამ დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სცადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის წაყვანა. მას ამის საშუალება არ მისცეს “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა.

სალომე სამადაშვილმა, ელენე ხოშტარიამ და გიორგი კანდელაკმა თავად დაიკავეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი. ამ დროს მათთან  მივიდა ადა მარშანია, რომელიც ოპოზიციონერ კოლეგებს სკამის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა და მათ პროვოკაციაში ადანაშაულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი