ახალი ამბები

“ევროპულმა საქართველომ” საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა

25 ივნისი, 2019 • 901
“ევროპულმა საქართველომ” საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა

ევროპულმა საქართველომ თბილისის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურში უთხრეს, საკრებულოში ევროპული საქართველოს ფრაქციის ბოიკოტი მანამდე გაგრძელდება, სანამ საზოგადოებრივი პროტესტი მიმდინარეობს.

გიორგი გახარიას გადადგომისა და 20 ივნისს პოლიციის მიერ აქციის დარბევისას დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე დღეა თბილისში აქციები იმართება.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი.

ოფიციალური ცნობით, დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას. გუშინ, 24 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დათანხმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი