ახალი ამბები

გახარიას გადადგომის მოთხოვნით რუსთაველზე 6 ადამიანი შიმშილობს

24 ივნისი, 2019 • 1026
გახარიას გადადგომის მოთხოვნით რუსთაველზე 6 ადამიანი შიმშილობს

რუსთაველის გამზირზე ამჟამად 6 ადამიანი შიმშილობს. ამის შესახებ ნეტგაზეთს ერთ-ერთმა მოშიმშილე გვანცა არევაძემ განუცხადა. ისინი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

მოშიმშილეები, რომლებმაც პარლამენტის წინ კარავი გაშალეს, ამბობენ, რომ გუშინ ღამით და დღეს მათთან ახლოს სასწრაფოს ბრიგადა არ ყოფილა.

ნეტგაზეთს მოშიმშილე გვანცა არევაძემ უთხრა, რომ ღამის განმავლობაში შორიახლოს იყვნენ სუს-ისა და შსს-ს წარმომადგენლები, “მაგრამ ვინც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ანუ სასწრაფო – არა”.

გვანცა არევაძის თქმით, მათ კიდევ შეემატა ერთი ადამიანი და შიმშილობას 6 აქტივისტი განაგრძობს.

“უმეტესობა გოგოები ვართ, მოვუწოდებთ ბიჭებსაც, შემოგვიერთდნენ. ჯანმრთელობას ჯერ არ ვუჩივით”,- ამბობს ის.

მოშიმშილე აქტივისტები, როგორც აქციის სხვა მონაწილეები, ითხოვენ, რომ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და გათავისუფლდნენ 20 ივნისს დაკავებულები, ხოლო პოლიციელები, რომლებმაც 20 ივნისს ფიზიკური ზიანი მიაყენეს მოქალაქეებს, პასუხისგებაში მიეცნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი.

ოფიციალური ცნობით, დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას. დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დათანხმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი