ახალი ამბები

სოლიდარობა სუფთა სულისკვეთების ხალხს! გახარია უნდა გადადგეს! – მაკა ჩიჩუა აქციაზე

24 ივნისი, 2019 • 1825
სოლიდარობა სუფთა სულისკვეთების ხალხს! გახარია უნდა გადადგეს! – მაკა ჩიჩუა აქციაზე

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა შეუერთდა და აცხადებს, რომ იზიარებს დემონსტრანტთა მოთხოვნებს. მისი თქმით, გიორგი გახარია უნდა გადადგეს.

მინდა იმ ხალხის გვერდით დგომა, ვისაც სუფთა სულისკვეთება აქვს და ვინც აპროტესტებს იმ სიმახინჯეს, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ. ჩემთვის ძალიან მძიმე გადასახარშია ის კადრები, რასაც ვუყურებდი, როცა სრულიად დაუცველ ადამიანებს ესროდნენ ტყვიებს. ეს ტყვია რეზინის იყო, არარეზინის თუ სხვა მასალის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე ვხედავდი სისხლში ამოსვრილ ადამიანებს… პატარა გოგონამ თვალი დაკარგა, ერთ-ერთი ადამიანი კი შეერთებულია მართვით სუნთქვის აპარატზე. შეიძლება, რომ ამაზე თვალი დახუჭო და არ გააპროტესტო? მე მათთან ერთად ვარ და მინდა, რომ ამ სახით ჩემი სოლიდარობა ბოლომდე გამოვხატო”, – განუცხადა ნეტგაზეთს მაკა ჩიჩუამ.

მოვლენათა ქრონოლოგია – მოკლედ

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნილ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით 20 ივნისს თბილისში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ე.წ. ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. ისინი გიორგი გახარიას გადადგომას და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. დემონსტრანტთა ნაწილი აცხადებს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

ავიამიმოსვლა და პუტინი

საქართველოში დაწყებული ანტიპუტუნირი აქციები რუსეთის ხელისუფლებამ “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

ავიარეისების გაუქმების გამო ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ. მისი თქმით, “პუტინმა გადაწყვიტა ქართველები დასაჯოს, რადგან იქ ქუჩის აქციები იმართება.”

“პუტინმა აკრძალა ავიარეისები საქართველოსთან. ახლა ძალიან ბევრ რუსს არ შეუძლია წავიდეს იქ იაფად და ხარისხიანად დასასვენებლად. კითხვა: რატომ გადაწყვიტა პუტინმა რუსების დასჯა ქართველების პროტესტისთვის?”, – წერს ნავალნი ტვიტერზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი