ახალი ამბები

პროპორციული სისტემა მისასალმებელია, მაგრამ ბარიერის გაუქმება რისკებს შეიცავს – ISFED

24 ივნისი, 2019 • 1750
პროპორციული სისტემა მისასალმებელია, მაგრამ ბარიერის გაუქმება რისკებს შეიცავს – ISFED

სამართლიანი არჩევნების (ISFED) განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს, თუმცა ბარიერის გაუქმება რისკებს შეიცავს.

ISFED-ის განცხადებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება არსებითია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ხმების მანდატებში პროპორციულად ასახვისა და სამართლიანი პოლიტიკური წარმომადგენლობისათვის. თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ე.წ. ნულოვანი ბარიერის დაწესების შესახებ ინიციატივა გარკვეული რისკების შემცველია.

სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ საარჩევნო ბარიერის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობის ძალიან მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიების მოხვედრა საკანონმდებლო ორგანოში, რაც სავარაუდოდ უარყოფითად აისახება პარლამენტის მუშაობის ეფექტურობაზე. მათივე განცხადებით, პარლამენტში პარტიების არაგონივრულად დიდი რაოდენობის პირობებში შესაძლოა გართულდეს მთავრობის ფორმირება, ან შეიქმნას პოლიტიკური კრიზისებისა და არასტაბილურობის საფრთხე:

“არაგონივრულად დაბალი ბარიერით არჩევნების ჩატარება გაზრდის პარტიულ ფრაგმენტაციას და გამოიწვევს ისეთი პარტიების შექმნასა და პარლამენტში მოხვედრას, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობაში ადეკვატურად ჩართვის რესურსი და შესაძლებლობა არ ექნებათ. მსგავსი გამოცდილება საქართველოს უკვე აქვს, რაც 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებული 1992 წლის არჩევნების შედეგებში უკიდურესი ფრაგმენტაციის სახით გამოვლინდა და სახეზე იყო პოლიტიკური პარტიების მასობრივად შექმნის ტენდენცია.

გონივრული საარჩევნო ბარიერის არსებობა ემსახურება პარტიების გაძლიერებას, ამომრჩეველთან მუდმივ მუშაობას და ამასთან, აზღვევს ანტისისტემური, რადიკალური ძალების შესვლას საკანონმდებლო ორგანოში, თუ მათ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა არ აქვთ. ამასთან, ერთეულ ლიდერზე ორიენტირებული და ძლიერი პლატფორმის არმქონე პარტიების პირობებში, პარლამენტში გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა ინდივიდების ვიწრო ინტერესებს და ფინანსურ თუ სხვა სარგებელს დაეფუძნოს”.

გარკვეული ბარიერის მიზანშეწონილობაზე მიუთითებს ვენეციის კომისიაც 2010 წლის 15 მარტს გამოცემულ ანგარიშში, რომელშიც ვკითხულობთ:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2007 წლის #1547 რეზოლუციაში არჩევანი გააკეთა 3% ბარიერზე, თუმცა იმ პირობით, რომ ეს რეკომენდაცია გამოყენებული იქნებოდა ‘დამკვიდრებული დემოკრატიის’ მქონე ქვეყნებში. ეს ბარიერიც დაბალი ჩანს, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ განსხვავებას, რაც არსებობს დამკვიდრებული და ნაკლებად დამკვიდრებული დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც პარტიული სისტემა შექმნის პროცესშია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სავარაუდოდ 3%-დან 5%-მდე ბარიერია მისაღები, შესაბამისი გარანტიების არსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით ეროვნული უმცირესობებისთვის”.

შესაბამისად, როგორც სამართლიანი არჩევნები აცხადებს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გარდამავალ პერიოდში მნიშვნელოვანია 3%-დან 5%-მდე საარჩევნო ბარიერის არსებობა, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

“გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარებისთვის. ამასთან, მოვუწოდოთ ხელისუფლებას, ბარიერთან დაკავშირებული მსჯელობა გაგრძელდეს შესაბამის ფორმატში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რათა გააზრებული იქნას ყველა შესაძლო რისკი და მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაში იყოს ქვეყნისა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებთან. „სამართლიანი არჩევნები“ გამოთქვამს მზადყოფნას, მიიღოს მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპტიმალური საარჩევნო სისტემის შესახებ დისკუსიაში”, – ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.

დღეს, 24 ივნისს, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ბარიერის გარეშე ჩატარების ინიციატივა გააცნო. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ქართული სამოქალაქო საზოგადოება აერაერთი წელია ითხოვს, თუმცა 20 ივნისს ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივი ცვლილების მოთხოვნამ ფართო საზოგადოებრივი სახე მიიღო.

მოვლენათა ქრონოლოგია – მოკლედ

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნილ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ე.წ. ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. ისინი გიორგი გახარიას გადადგომას და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. დემონსტრანტთა ნაწილი აცხადებს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

ავიამიმოსვლა და პუტინი

საქართველოში დაწყებული ანტიპუტუნირი აქციები რუსეთის ხელისუფლებამ “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

ავიარეისების გაუქმების გამო ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ. მისი თქმით, “პუტინმა გადაწყვიტა ქართველები დასაჯოს, რადგან იქ ქუჩის აქციები იმართება.”

“პუტინმა აკრძალა ავიარეისები საქართველოსთან. ახლა ძალიან ბევრ რუსს არ შეუძლია წავიდეს იქ იაფად და ხარისხიანად დასასვენებლად. კითხვა: რატომ გადაწყვიტა პუტინმა რუსების დასჯა ქართველების პროტესტისთვის?”, – წერს ნავალნი ტვიტერზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი