ახალი ამბები

შსს: 2 პოლიციელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, 10-ს უფლებამოსილება შევუჩერეთ

24 ივნისი, 2019 •
შსს: 2 პოლიციელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, 10-ს უფლებამოსილება შევუჩერეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე გენერალური ისპექციის მიერ დაწყებული მოკვლევის ფარგლებში „ამ ეტაპზე 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება“, ხოლო მათ შორის ორის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

შსს-ს განცხადება 24 ივნისს, 17:00 საათზე გამოქვეყნდა ვებგვერდზე. შსს-ში ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ არ წაიკითხა განცხადების ის ნაწილი, სადაც საუბარია ორ სამართალდამცველზე, რომელთა ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა.

გთავაზობთ გავრცელებულ განცხადებას:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, რამაც მოგვიანებით შეიძინა ძალადობრივი ხასიათი – აქციის მონაწილეები შეეცადნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღებას, ჯგუფურად თავს დაესხნენ პოლიციელებს და სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით გაუწიეს მათ წინააღმდეგობა.

მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, აქციის დასაშლელად პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით განსაზღვრული სპეციალური საშუალებები.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს აქციის დაშლის დროს ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების მოკვლევას.

შესწავლის ფარგლებში, ამ ეტაპზე 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

ამ ეტაპზე მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, აღნიშნული მასალები რეაგირების მიზნით გადაიგზავნება გენერალურ პროკურატურაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გენერალურ პროკურატურას მიაწოდოს მოკვლევის პროცესში მოპოვებული ყველა მასალა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი