ახალი ამბები

აქციის დარბევისას დაშავებული ორი ადამიანი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა

24 ივნისი, 2019 • 795
აქციის დარბევისას დაშავებული ორი ადამიანი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა

20 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებული ორი ადამიანი — 29 და 31 წლის კაცები — რომელთაც თავის ტვინზე გაუკეთეს ოპერაცია, მართვით სუნთქვაზეა. მათ ევექსის რეგიონულ ჰოსპიტალში მკურნალობენ.

ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისის აქციის დარბევისას, ჯამში, 240-მდე ადამიანი დაშავდა. ნეტგაზეთს ჯანდაცვის სამინისტროდან 24 ივნისს, დღის 2 საათისთვის აცნობეს, რომ კლინიკებში რჩება, ჯამში, 13 ადამიანი, მათგან ორი — მძიმე მდგომარეობაში.

„ნეტგაზეთს“ კლინიკის დირექტორმა, ნათია ნუცუბიძემ 24 ივნისს, 14:30 საათისთვის განუცხადა, რომ ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა „ერთ-ერთ პაციენტზე გვაქვს დადებითი დინამიკა, მცირე გაუმჯობესება“, და შესაძლოა მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნან.

მისივე ინფორმაციით, მეორე მათგანი სტაბილურად მძიმეა, მაგრამ „ბოლო 48 საათის განმავლობაში კრიტიკული გაუარესება არ ჰქონია“. ის რჩება მართვით სუნთქვაზე.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი