ნეტგაზეთი | 20 ივნისის დარბევის გამოძიებაზე პროკურატურა მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს 20 ივნისის დარბევის გამოძიებაზე პროკურატურა მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს – Netgazeti

20 ივნისის დარბევის გამოძიებაზე პროკურატურა მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ 20 ივნისის დარბევაზე, კერძოდ კი სამართალდამცველების უფლებამოსილების გადამატებების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

უწყებაში ამბობენ, რომ სრული სურათის აღსადგენად მათ საზოგადოების დახმარება სჭირდებათ და მოუწოდებენ მოქალაქეებს, პროკურატურას ფოტო-ვიდეომასალა მიაწოდონ.

“ამ მიზნით პროკურატურა თხოვნით  მოგმართავთ,  რომ ჩვენ მიერ საპროცესო ღონისძიებების ფარგლებში მოპოვებული ფოტო-ვიდეომასალის გარდა, მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული  ნებისმიერი მტკიცებულება, რათა გამოძიებით გამოკვეთილ ყველა გადაცდომასთან და დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამასანავე, უწყება ამბობს, რომ  საჭიროა“მაქსიმალური გამჭვირვალობა და საგამოძიებო პროცესის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა, საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, პროცესში ჩართოს საქართველოს სახალხო დამცველიც“.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით დამიშვნას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლეას.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან