ახალი ამბები

IDFI: გიორგი კლდიაშვილი კანონის დარღვევით დააკავეს

16 დეკემბერი, 2014 • • 1532
IDFI: გიორგი კლდიაშვილი კანონის დარღვევით დააკავეს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ გიორგი კლდიაშვილის დაკავებას საფუძვლად დაედო ვარაუდი მისი მიმალვის შესახებ. თუმცა დაკავების ოქმის მიხედვით დგინდება, რომ გიორგი კლდიაშვილის დაკავება მოხდა მაშინ, როდესაც მან ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, თავისი ნებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და დაიკითხა მოწმის სახით.

ორგანიზაციის ცნობით, სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თენგიზ ხარებავამ ვერ წარმოადგინა რაიმე გარემოება, რომელიც დაასაბუთებდა გიორგი კლდიაშვილის მიმალვის საფრთხეს. ამ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გიორგი კლდიაშვილის დაკავებისას მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მოთხოვნების არსებითი დარღვევა, რაც გახდა კიდეც გიორგი კლდიაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების საფუძველი, აცხადებს ორგანიზაცია.

 

IDFI ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გიორგი კლდიაშვილი არის კამპანია „ეს შენ გეხებას“ აქტიური წევრი და დაკითხვის მსვლელობისას ამაზე ირიბად და არაფორმალურად იქნა გაკეთებული მინიშნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან.

IDFI-იმ ბოლო პერიოდში გამოქვეყნა რამდენიმე კრიტიკული სტატია საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებების შესახებ. 17 დეკემბერს ჩანიშნულია სასამართლო სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, სადაც ინსტიტუტი ედავება უწყებას საჯარო ინფორმაციის სრულყოფილი სახით მიღებაზე, მიიჩნევენ ორგანიზაციაში.

 

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. გიორგი კლდიაშვილს კუთვნილი გაფორმებული ცეცხლსასროლი საკოლექციო იარაღი (Parabelum 08, 1921 წლის გამოშვება) მოჰქონდა სახლში მაღაზიაში მისი შეკეთების შემდგომ.
 
 
კლდიაშვილის განცხადებით, იარაღი იყო დაშლილ მდგომარეობაში, იდო მანქანის საბარგულში, მჭიდისა და ტყვიების გარეშე, თუმცა მას არ ჰქონდა აღებული ნებართვა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან მისი გადატანის შესახებ. გიორგი კლდიაშვილს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე. 3 საათიანი დაკითხვის შემდეგ მისი თქმით, გიორგი კლდიაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. “მოდულის“ შენობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი