ახალი ამბები

რუსული სანქციების გამო, ეკონომიკური ზრდა შესაძლოა 4%-მდე შემცირდეს – თიბისის კვლევა

24 ივნისი, 2019 • 1250
რუსული სანქციების გამო, ეკონომიკური ზრდა შესაძლოა 4%-მდე შემცირდეს – თიბისის კვლევა

რა გავლენა ექნება რუსეთის სანქციებს საქართველოს ეკონომიკაზე? – ამ საკითხზე თიბისიმ ეკონომიკური გავლენის შეფასება მოამზადა.

“რუსეთის სანქციები: მართვადი ზეგავლენა ზრდაზე და ფსონი ლარზე”, ასე ჰქვია ანალიზს, რომლის მიხედვით, ახლო პერსპექტივაში, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, ზრდის ტემპი შემცირდება, თუმცა ის მაინც პოზიტიური, დაახლოებით 5%-მდე იქნება, რადგანაც ტურისტული ნაკადი ევროკავშირიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან მკვეთრად იზრდება.

თიბისის თანახმად, 2018 წლის მაისიდინ მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით რუსი ტურისტების დანახარჯი 660 მლნ აშშ დოლარია. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ  რუსეთიდან ტურისტების ნაკადის განახევრებით  მთლიანი შიდა პროდუქტი 1.5%-ით შემცირდება, თუმცა ტურისტების გაზრდილი რაოდენობა ევროკავშირიდან, ისრაელიდან საბოლოოდ მის გავლენას მთლიან შიდა პროდუქტზე 1%-მდე შეამცირებს. თიბისის შეფასებით, 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა  33.6%, ხოლო ისრაელიდან 36%-ით გაიზრდება.

რუსეთის დაანონსებული სანქციების გამო, კვლევის ავტორები პროგნოზირებულ ეკონომიკურ ზრდას 5%-დან 4%-მდე ამცირებენ. მათი პროგნოზითვე, შემცირდება მოთხოვნა იმპორტირებულ პროდუქციაზე, რაც იმპორტის შემცირებას გამოიწვევს. “რეგულაციების გავლენების შესარბილებლად საჭირო იქნება უფრო მხარდამჭერი ფისკალური და შერბილებული საკრედიტო პოლიტიკა. ეს ნაბიჯები სანქციების გავლენას GDP-ზე  1%-მდე დაიყვანს. შედეგად, პროგნოზირებადი 5%-ის ნაცვლად  საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს 4%-ით გაიზრდება.”

რაც შეეხება ლარს,  მომდევნო ერთ წელიწადში შეფასებული დანაკლისი 200 მილიონ დოლარამდეა. ამასთან, საგარეო სექტორი პოზიტიური დინამიკით ხასიათდება, ლარი არაერთი შეფასებით უკვე მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული და ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების დონეც მაღალია.

ბოლო 6 თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 216 მილიონი დოლარი შეისყიდა, თუმცა ეროვნული ბანკის რეზერვები სავალუტო რეკომენდაციით გათვალისწინებულ ოდენობაზე გაცილებით ნაკლებია.  მოკლევადიანი მერყეობა არაა გამორიცხული,  თუმცა ავტორები ლარის გამყარებას პროგნოზირებენ.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართულებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

რუსეთის ამგვარი რეაქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლის შემდეგ დაწყებულ  პროტესტს – გავრილოვს პარლამენტის შენობა დაატოვებინეს, თბილისში კი ანტისახელისუფლო და რუსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი