ახალი ამბები

შეიქმნა პეტიცია, რომლითაც გახარიას პოსტზე დარჩენას სთხოვენ

24 ივნისი, 2019 • 3376
შეიქმნა პეტიცია, რომლითაც გახარიას პოსტზე დარჩენას სთხოვენ

ვებსაიტ Manifest.ge-ზე, რომელზეც მოქალაქეები სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებენ, შეიქმნა პეტიცია, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდებს, პოსტი არ დატოვოს. ამ დროისთვისთვის [24 ივნისი, 01:40] მითითებულია, რომ პეტიციას 2865 ხელმოწერა აქვს. პეტიციას ფეისბუკზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ჯგუფებში აზიარებენ.

განცხადების ტექსტში წერია, რომ მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან, 2017 წლიდან, გახარიამ „დაამტკიცა მისი პატრიოტიზმი და ქვეყნის ერთგულება, მისი ძლიერი პოლიტიკური ფიგურის მიხედვით ადვილად შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ რაოდენ კარგად შეუძლია მართოს მან პოლიტიკური კრიზისები და ქვეყანაში არსებული არეულობა და ოპოზიციური პარტიების თუ სხვა გარე მტრის მიერ მართული სცენები“.

„ზუსტად ასეთი ძლიერი პიროვნების გადაყენებას ითხოვს დღეს ოპოზიციური პარტია, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი მსურველი არ ჰყავს მის გადაყენებას, მაგრამ პეტიციის შემქმნელების მიზანია დაანახოს საზოგადოებას, რომ მისნაირი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა საჭიროა დღეს საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი ძალოვანი სტრუქტურის პირველი პირი იყოს“, — წერია განცხადებაში.

პეტიციის ავტორად მითითებულია მოქალაქე თორნიკე სვანიძე, ადრესატად — პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი. პეტიციას თან ერთვის ჰეშთეგი: #გახარიაჩვენიმინისტრია.

რას ამბობს ავტორი?

„ნეტგაზეთი“ ესაუბრა პეტიციის ავტორს, თორნიკე სვანიძეს, რომელმაც მოგვწერა, რომ არის სტუდენტი, რომლისთვისაც „მთავარია სიმშვიდე, თავისუფლება და ევროპული გზა“.

„ვხედავ, რომ არეულობა მზადდება და გახარიაში ვხედავ იმ ძალას და პროფესიონალიზმს, რომელიც ყველას გვჭირდება ახლა, დღევანდელი რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე. ამიტომ გადავიწყვიტე, შემექმნა ეს პეტიცია, გამეზიარებინა ჩვენი საზოგადოებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რადგან გახარია არის სტაბილურობის გარანტი“, — მისწერა მან „ნეტგაზეთს“.

მისი თქმით, მას „ძალიან დიდი სტიმული“ მისცა გენინსპექციის მიერ 20 ივნისის დარბევისას პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების შესწავლას და მიახვედრა, რომ „გიორგი გახარიასთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია თავისუფლება და მშვიდობა“.

„ასევე ამ პეტიციის და გიორგიზე დიდი სიმპათიის კატალიზატორი“ იყო დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მ.კ-სთვის პატიმრობის შეფარდება. „ვფიქრობ, პეტიციამ გაამრთლა“, — ამბობს იგი.


ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ.

პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი