ახალი ამბები

მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

23 ივნისი, 2019 • 3598
მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა „სოვლაბის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი. ის აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს აქციაზე დაკავებისას სცემეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მას თავდაპირველად 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ იგი სამართალდამრღვევად ცნო; გადაწყვიტა, რომ მისთვის 3-დღიანი პატიმრობა უნდა მიესაჯათ, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეს სამდღიანი ვადა 24 ივნისის დილის 2 საათზე გადიოდა, ხვადაგიანი დარბაზიდან გაათავისუფლა.

ხვადაგიანს მას ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. „აქციის დარბევის დროს დამაკავეს. აქციის დაშლის დროს, დაკავების მომენტში გვცემეს. ყველას, ვინც მოგვიყვანეს აქ, 200-ზე მეტი ადამიანის მოჰყავთ ეტაპობრივად, მუხლი არის ხულიგნობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა,“ – გვითხრა ირაკლი ხვადაგიანმა რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლოდან.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლეს.

თქვენ არ მოაწეროთ ხელი ჩემ გაშვებას და პატიმრობაში დავრჩები — ხვადაგიანი მურუსიძეს

მასალების გადაბეჭდვის წესი