ახალი ამბები

სტამბოლის ხელახალ არჩევნებში ერდოღანის პარტია მეორედ მარცხდება

23 ივნისი, 2019 • 1973
სტამბოლის ხელახალ არჩევნებში ერდოღანის პარტია მეორედ მარცხდება

სტამბოლის მერის ხელახალი არჩევნების პირველადი შედეგებით, პრეზიდენტ ერდოღანის მმართველი პარტია ოპოზიციურ “რესპუბლიკურ პარტიასთან” ისევ მარცხდება.

წინასწარი შედეგი, რომელსაც სახელმწიფო სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს, აჩვენებს, რომ ოპოზიციის კანდიდატი ექრემ იმამოღლუ დიდი უპირატესობით ლიდერობს და ამარცხებს თურქეთის ყოფილ პრემიერ ბინალი ილდირიმს.  დათვლილია ხმათა 90%-ზე მეტი.

იმამოღლუმ სტამბოლში მიმდინარე წლის მარტში, თურქეთის ადგილობრივი თვითმმართბელობის არჩევნების დროსაც მოიგო, თუმცა უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ შედეგი ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” მოთხოვნით გააუქმა. მმართველი პარტია ამბობდა, რომ არჩევნები დარღვევით ჩატარდა.

თუ წინა არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატი ხელისუფლების კანდიდატს 13 000-მდე ხმით უსწრებდა, ახლა მათ შორის განსხვავება 10%-მდეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას 770 000-ზე მეტი ხმა აქვს კონკურენტთან შედარებით.

განმეორებითი არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იყო რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოპულარობის გამოსაცდელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი