ახალი ამბები

“რეზინისა და პლასტმასის ტყვიებს თავში არავინ ესროდა დემონსტრანტებს” — ვაშაძე წინა ხელისუფლებაზე

23 ივნისი, 2019 • 2893
“რეზინისა და პლასტმასის ტყვიებს თავში არავინ ესროდა დემონსტრანტებს” — ვაშაძე წინა ხელისუფლებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ წინა და ახლანდელი ხელისუფლების სისასტიკეს შორის „გიგანტური განსხვავება“ არსებობს და წინა ხელისუფლების დროს „თავში რეზინისა და პლასტმასის ტყვიებს არავინ ესროდა დემონსტრანტებს“.

22 ივნისს რუსულ გამოცემა „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძე ამბობს: „თუკი ნებისმიერ მაშინდელ კადრს ახლანდელ კადრებს შევადარებთ, დაინახავთ გიგანტურ განსხვავებას სისასტიკეს შორის. მაშინ რეზინისა და პლასტმასის ტყვიებს არავინ ესროდა დემონსტრანტებს თავში. მათ არავინ წამლავდა გაზით ისე, როგორც ახლა. მთელი ღამე გული მერეოდა. მიწევდა, ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები ბრძოლის ველიდან გამომეყვანა. რამდენიმეს 5-6-7-ჯერ მოარტყეს ტყვიები. ჩვენი კანონმდებლობით, არ შეიძლებია სპეციალური აღჭურვილობის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუკი მათ წინასწარ არ გააფრთხილებენ“…

2019 წლის 20 ივნისის დარბევა

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

2007 წლის 7 ნოემბერი და 2011 წლის 26 მაისი

2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული  ანტისახელისუფლო საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დარბევას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი ფართომასშტაბიანი აქციები, რომლის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადადგომა იყო.

სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, 2007 წლის 7 ნოემბერს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დარბევისას, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო არაერთმა დემონსტრანტმა. აქციის დასაშლელად პირველად გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, მათ შორის, რეზინის ტყვიები, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ იყო ნებადართული.

სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, მტკიცებულებებით დასტურდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. იმავე დღეს ტელეკომპანიაში “იმედში” სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა, რასაც შედეგად ტელევიზიის დროებით დახურვა, მოგვიანებით კი მისი მფლობელისთვის წართმევა მოჰყვა.

2011 წლის 26 მაისს თბილისში ოპოზიციის საპროტეტსო მიტინგის დაშალეს, რის შედეგადაც (ოფიციალური ინფორმაციით) ათეულობით ადამიანი დაშავდა. რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შედეგად იყო მსხვერპლიც, მათ შორის ერთი პოლიციელი. დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

იმავე ღამეს პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღეს ჟურნალისტებმაც, მათ შორის „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტმა, სპეცრაზმელებმა სხვადასხვა ჟურნალისტს სამუშაო აპარატურა წაართვეს ან დაუზიანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი