ახალი ამბები

საპროტესტო აქციის მეოთხე დღე პარლამენტთან [პირდაპირი + ფოტო]

23 ივნისი, 2019 • 3043
საპროტესტო აქციის მეოთხე დღე პარლამენტთან [პირდაპირი + ფოტო]

თბილისის ცენტრში უკვე მეოთხე დღეა, გრძელდება საპროტესტო აქცია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ითხოვენ, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და დაუყონებლივ გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები.

19-22 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნილ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. ხელისუფლებას წაუყენეს ულტიმატუმი.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი