ახალი ამბები

აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისისკენ მსვლელობას გეგმავენ

23 ივნისი, 2019 • 892
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისისკენ მსვლელობას გეგმავენ

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დასრულების შემდეგ, მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლებენ. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

თბილისის ცენტრში უკვე მესამე დღეა, გრძელდება საპროტესტო აქცია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ითხოვენ, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და დაუყონებლივ გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით.

მასალების გადაბეჭდვის წესი