კობახიძის გადადგომა ცოტათი დაგვიანებული იყო – ხულორდავა

“პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე რუსი დეპურატის დაჯდომა პროვოკაცია იყო; პროვოკაცია, რომელიც სამწუხაროდ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ვერ აიცილა და რომელსაც მოყვა სამართლიანი სამოქალაქო პროტესტი და სათანადო პოლიტიკური რეაგირება. ასეთი შეცდომის გამო თავმჯდომარის გადადგომა სრულიად გარდაუვალი, თუმცა ჩემი აზრით, სამწუხაროდ ცოტათი დაგვიანებული იყო”, – ამ განცხადება პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” თამარ ხულორდავა აკეთებს. ის თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

“ბევრი კრიტიკა მსმენია იმაზე, რომ ოკუპაციის პირობებში რუს ტურისტებს საქართველოში შემოსვლის და დასვენების შესაძლებლობას ვაძლევთ. ეს პოზიცია ჩემთვის არარაციონალური და ზედაპირულია. გონივრულია, ქვეყნის განვითარების ყველა რესურსით ვისარგებლოთ, ყველას გავუზიაროთ ჩვენი წარმატება, ჩვენი ქვეყნის სიკეთე და მშვენიერება, მათ შორის რუს ტურისტებს, რომელთა მიერ ჩვენს ეკონომიკაში წვლილის შეტანაში და ჩვენი წარმატებით მათ აღფრთოვანებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ”, – ამბობს ხულორდავა.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას, დეპუტატის თქმით, ის მოულოდნელი არ ყოფილა.

“რუსეთი საერთოდ არ აღიარებს ჩვენს სუვერენულ უფლებას, თავად გადავწყვიტოთ რა მომავალი გვინდა საკუთარი ქვეყნისთვის. არასდროს ერიდება პირდაპირ მუქარას, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვაქვს წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე.

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე რუსი დეპურატის დაჯდომა პროვოკაცია იყო; პროვოკაცია, რომელიც სამწუხაროდ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ვერ აიცილა და რომელსაც მოყვა სამართლიანი სამოქალაქო პროტესტი და სათანადო პოლიტიკური რეაგირება. ასეთი შეცდომის გამო თავმჯდომარის გადადგომა სრულიად გარდაუვალი, თუმცა ჩემი აზრით, სამწუხაროდ ცოტათი დაგვიანებული იყო.

რუსეთმა გადაწყვიტა დაგვსაჯოს. ეკონომიკური სირთულეების ფონზე ტურისტებისთვის საზღვრის ჩაკეტვით უდაოდ დააზიანებენ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ ამ ნაბიჯით დათმობაზე წასვლას ვერ გვაიძულებს! ამდენს მუშაობენ მათი დაზვერვის სამსახურები და მაინც არ გვიცნობენ. რაც მეტად დაგვაჭერენ ფეხს, მით მეტი იქნება წინააღმდეგობა! ამ ტურისტულ ემბარგოს აუცილებლად გავუმკლავდებით. ამ ბლოკადის ფონზე სხვა თავისუფლებისმოყვარე ხალხს მოვიზიდავთ, სხვა შესაძლებლობების ათვისებაზე ვიფიქრებთ. ძალის ეს მორიგი დემონსტრირება არაფერს ცვლის ჩვენს დამოკიდებულებაში რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის, რუსული ოკუპაციის მიმართ”, – წერს ხულორდავა ფეისბუკზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com