ახალი ამბები

NGO-ები “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტის გამოძებას ითხოვენ

15 დეკემბერი, 2014 • 1277
NGO-ები “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტის გამოძებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,  რომ  “სამხრეთის კარიბჭის” ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები “სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის შესახებ გამოქვეყნებულ მამხილებელ მასალას უკავშირდება”. სტატია “ბრალდებულის და: სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა” სოფელ გოგაშენში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დის მონათხრობს ეხება, სადაც ის პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

 

“სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტების განცხადებით, 8 დეკემბერს, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, გამოცემის რედაქტორს, ნინო ნარიმანიშვილს და სტატიის ავტორს, თამუნა უჩიძეს სათაურის შეცვლის თხოვნით შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა, ეკატერინე ათოშვილმა დაურეკა.

 

ჟურნალისტების თქმით, შსს-ს ზარები ამით არ დასრულებულა. 11 დეკემბერს, საღამოს, რედაქციასთან სოფელ გოგაშენში მცხოვრებთა ნაწილმა აქცია გამართა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ პოლიცია მსგავს ძალადობას ბრალდებულის დებზე არ ჩაიდენდა და რედაქციას ადანაშაულებდნენ დეზინფორმაციის გავრცელებაში. აქცია 12 დეკემბერსაც გაგრძელდა. როგორც თამუნა უჩიძე ყვება, გოგაშენის ერთ-ერთი მცხოვრები ავიდა მასთან რედაქციაში, მაგიდაზე ურტყა მუშტები და უყვიროდა, ჩასულიყო დაბლა და პასუხი გაეცა შეკრებილებისთვის. 13 დეკემბერს კი, თამუნა უჩიძის თქმით, მასთან მივიდა ოჯახის ახლობელი,  რომელიც უხსნიდა, რა საფრთხის წინაშე იყო: “რად გინდა, რომ წერ ასეთ ამბებს, რომ დაგაკავონ, აქციებს გამართავენ შენი მეგობრები და მერე მორჩება ყველაფერი, შენ კი დაგიმახინჯდება ცხოვრება”.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ისინი მოუწოდებენ მთავრი პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თავის მხრივ, მოიკვლიოს როგორც მუქარის შემთხვევა, ასევე, შეისწავლოს ჟურნალისტის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის ფაქტი.

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის აღკვეთა და პრევენცია, რაც საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებაა,”– ნათქვამია NGO-ების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საქართველოს მთავარ პროკურატურას ახალციხის პოლიციის მხრიდან “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევისა და ზეწოლის სავარაუდო ფაქტებზე გამოძიების დაწყებისკენ გუშინ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც მოუწოდა. ქარტიის განცხადებით, განვითარებული მოვლენები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ “სამხრეთის კარიბჭის” სარედაქციო დამოუკიდებლობაში უშუალოდ შსს-ს თანამშრომლები ერევიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი