ახალი ამბები

მინდა ჩემი ხმა შევუერთო თანატოლების სამართლიან პროტესტს – ბერა

22 ივნისი, 2019 • 1408
მინდა ჩემი ხმა შევუერთო თანატოლების სამართლიან პროტესტს – ბერა

ბერა ივანიშვილი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სურს თავისი ხმა შეუერთოს თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს “იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები”.

“მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითეოულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული. მუდამ თქვენი ბერა”, – წერს ბერა ივანიშვილი.

რა მოხდა – ვრცელი ვერსია

19-22 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნილ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. ხელისუფლებას წაუყენეს ულტიმატუმი.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან შესაბამისი მცდელობების შემდეგ, ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი