ახალი ამბები

“20 ივნისს რეზინის ტყვიანასროლი ტელეფონით გადაღებული ვიდეო”

22 ივნისი, 2019 • 2164
“20 ივნისს რეზინის ტყვიანასროლი ტელეფონით გადაღებული ვიდეო”

20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევას სხვა უამრავი ადამიანის მსგავსად ერთ-ერთი მოქალაქე ტელეფონით იღებდა. ვიდეო იუთუბზე გამოქვეყნდა.

როგორც ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, გადაღების დროს ის პარლამენტის კიბესთან იდგა, სადაც სპეც. რაზმსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა. კადრებში ჩანს, რომ პოლიცია დემონსტრანტთა მიმართულებით რეზინის ტყვიებს ისვრის. აქციის მონაწილეებს კი, რომელთა ნაწილი სხვადასხვა ნივთს ესვრის სპეც. რაზმელებს, პოლიციისათვის წართმეული ფარები უჭირავთ.

ავტორის თქმით, ტელეფონს ამ დროს რეზინის ტყვია მოხვდა, რის შემდეგაც  კიბეზე დავარდა, კადრების რაკურსი კი შეიცვალა. ამ მომენტიდან ვიდეოში შავი ფონი დომინირებს, თუმცა შენარჩუნებულია ხმები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იმ დროს ისმოდა, ძირითადად, სკანდირება და სროლა.

მასალას სათაურიც შესაბამისი აქვს: “20 ივნისს რეზინის ტყვიანასროლი ტელეფონით გადაღებული ვიდეო”.

რა მოხდა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს?

19-22 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნილ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. ხელისუფლებას წაუყენეს ულტიმატუმი.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი