ნეტგაზეთი | როგორ მოვხვდეთ საქართველოში – დამოუკიდებელი რუსული მედია რუსებს გამოსავალს სთავაზობს როგორ მოვხვდეთ საქართველოში – დამოუკიდებელი რუსული მედია რუსებს გამოსავალს სთავაზობს – Netgazeti
Batumelebi | RU

როგორ მოვხვდეთ საქართველოში – დამოუკიდებელი რუსული მედია რუსებს გამოსავალს სთავაზობს

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა აუკრძალა, რუსული მედიის მცირე, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ნაწილი მოქალაქეებს სთავაზობს გამოსავალს, როგორ მოხვდნენ საქართველოში.

კრემლისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს შორის არის ტელეკომპანია “დოჟდი”, რომელიც მკითხველს საქართველოში მოხვედრის სხვადასხვა საშუალებას აცნობს. ამ დროისათვის საქართველოს მიმართულებით რუსეთიდან 10-მდე რუსული ავიაკომპანია დაფრინავს. პუტინის გადაწყვეტილებით, ისინი ავიამიმოსვლას 8 ივლისიდან წყვეტენ.

“დოჟდის” მიხედვით, რუსეთიდან საქართველოში მოხვედრა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი:

ქართული ავიაკომპანიები

რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეიებს ქართული Georgian Airways და MyWay Airlines ახორციელებენ. ისინი თბილისიდან რუსეთის არაერთი ქალაქის მიმართულებით დაფრინავენ.

სხვა ქვეყნის გავლით

“დოჟდი” საქართველოში გამგზავრების მსურველებს ალტერნატივის სახით სთავაზობს თურქეთის ავიახაზებისა და აზერბაიჯანის ავიახაზების გამოყენებით ჯერ სტამბოლსა და ბაქოში ჩაფრენას, საიდანაც თბილისისკენ შეძლებენ გაფრენას. აღნიშნულ რჩევებში არ არის აღნიშნული, თუმცა რუსი ტურისტებისთვის ასევე ხელმისაწვდომი ალტერნატივაა მოსკოვიდან მინსკის გავლით, ბელორუსის ავიახაზებით ჩამოსვლა. ეს მიმართულება წლების განმავლობაში დატვირთული იყო მაშინ, როცა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველო–რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა საერთოდ შეწყვეტილი იყო.

სხვა ტრანსპორტი

როგორც “დოჟდი” წერს, რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ სხვადასხვა ტრანსპორტით, მათ შორის, ავტობუსებით, რომლებიც რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარულად მოძრაობენ. ასევე, ალტერნატივად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჩრდ. კავკასიაში – ვლადიკავკაზში ან/და პიატიგროსკში ჩაფრენა, საიდანაც თბილისამდე სულ რამდენიმე საათის გზა არის ავტომობილით. ერთ–ერთ ვარიანტად განიხილება ერევანში ჩაფრენა და იქიდან ასევე 3–4 საათში თბილისში ავტოტრანპორტით წამოსვლა. როგორც “დოჯდი” იტყობინება, კვირაში ერთხელ სოჭიდან ბათუმში დადის საზღვაო ტრანსპორტიც.

ავიარეისების გაუქმების გამო ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ.

პუტინმა გადაწყვიტა ქართველები დასაჯოს, რადგან იქ ქუჩის აქციები იმართება. აკრძალა ავიარეისები საქართველოსთან. ახლა ძალიან ბევრ რუსს არ შეუძლია წავიდეს იქ იაფად და ხარისხიანად დასასვენებლად. კითხვა: რატომ გადაწყვიტა პუტინმა რუსების დასჯა ქართველების პროტესტისთვის?”, – წერს ნავალნი ტვიტერზე. ის ასევე აღნიშნავს: “ადამიანებმა იყიდეს საგზურები, სვამდნენ ღვინოს. და ახლა მათ ეუბნებიან: სასწრაფოდ გაფრინდით, თვითმფრინავები არ იქნება. როგორც შეიძლება ასე ფარასავით მოექცე”.

საქართველოსთან ავიამიმოსვლის გაუქმება უკავშირდება თბილისში 20 ივნისს დაწყებულ ანტიპუტინურ აქციებს, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენებას ითხოვენ.

პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.