ახალი ამბები

ქართველი ხალხი ცხვრის ფარა არაა – დენიელ ფრიდი

22 ივნისი, 2019 • 3793
ქართველი ხალხი ცხვრის ფარა არაა – დენიელ ფრიდი

​ამერიკელი დიპლომატი და “ატლანტიკური საბჭოს” წევრი დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” საუბრისას თბილისში 20 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი თავი ზღვარის გადაკვეთის წინაშე დააყენა მაშინ, როცა პოლიციას დემონსტრანტებზე გასწორების უფლება მისცა.

„ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ძლიერია და დამოუკიდებელია მთავრობისგან, ამაში იმას ვგულისხმობ, რომ როცა კი საქართველოს მთავრობა საზოგადოებას სასტიკად ექცევა, ქართული საზოგადოება ამას არ უშვებს. მე სააკაშვილზე ვსაუბრობ, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ მე მახსოვს 2007 წლის დემონსტრაციები და მოგვიანებით გასაჯაროებული პოლიციის სისასტიკე და ციხეებში პატიმრებთან მოპყრობა. მაშინ, ქართველებმა ეს არ მიიღეს. იმ ქართველებმაც კი, ვინც მანამდე სააკაშვილს უჭერდნენ მხარს.

ამ კუთხით საქართველო ბევრ ქვეყანას გავს, საქმე ეხება არა პოლიტიკურ არჩევანს, არამედ მთავრობის მხრიდან ისეთი დამოუკიდებლობის უგულვებელყოფას, როგორიც „ცარს“ ქონდა რუსი გლეხების მიმართ. თქვენ არ ხართ ასეთი ხალხი. მთავრობამ, როგორც გამოჩნდა, პოლიციისთვის უფლების მიცემით, რომ დემონსტრანტებს გაკიდებოდნენ და მათთვის მძიმე დაზიანებები მიეყენებინათ, საკუთარი თავი ქართულ საზოგადოებასთან ამ ზღვარის გადაკვეთის საფრთხის წინაშე დააყენა“, – თქვა ფრიდმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბრისას.

ფრიდი ერიდება პოლიტიკურ შეფასებებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს მთავრობის “გარკვეულ პასუხისმგებლობასა” და იმას, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია.

„მე პოლიტიკურ შეფასებას არ ვაკეთებ, ჩვენი საქმე არაა ქართული ოცნება იქნება სათავეში, თუ ნაციონალური მოძრაობა. ეს ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ ქართველი ხალხი ცხვრის ფარა არაა. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ძლიერია. მე ვეთანხმები სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ ყველამ უნდა შეიკავოს თავი, მაგრამ პასუხისმგებლობა არაა თანაბარი. მთავრობას გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს. ჩემი საქმე არაა ვთქვა ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, ეს საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ  ავტორიტარული “ძლიერი კაცის“ მოდელი საქართველოში უფრო იმუშავებს ვიდრე მაგალითად უკრაინაში ვიხილეთ”, – აღნიშნავს ის.


ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ამ დროისთვის კლინიკებში 102 პაციენტი რჩება, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი