ახალი ამბები

მეუფე იაკობს მიაჩნია, რომ გახარიას გადადგომა სიტუაციას არ განმუხტავს

22 ივნისი, 2019 • 1572
მეუფე იაკობს მიაჩნია, რომ გახარიას გადადგომა სიტუაციას არ განმუხტავს

ქორეპისკოპოს იაკობის თქმით, ქვეყანაში დღეს არსებულ სიტუაციასა და დაძაბულობას გახარიას გადადგომა ვერ განმუხტავს. ამის შესახებ მან “ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.

მეუფე იაკობმა შეაფასა 20 ივნისის აქციის დაშლა და განაცხადა, რომ მისი აზრით, დემონსტრანტების დაშლა “უფრო ადვილად შეიძლებოდა“.

“ყველა იმ ადამიანს ვუხდი ბოდიშს, ვინც რეზინისა და კაუჩუკის ტყვიებისგან დაზარალდა. რამდენიმემ დაკარგა მხედველობა და ძალიან ბევრს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ უფრო ადვილად შეიძლებოდა დაშლა, თუნდაც წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზით. და არ იქნებოდა საჭირო იმ რაღაცის გამოყენება, რომელიც ნებისმიერ ქართველს სინათლეს წაართმევდა”, – თქვა მეუფე იაკობმა.

მისივე მოსაზრებით, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ადვილად შეიძელბოდა ხალხის დაშლა.

“მე ახალგაზრდებს არ ვამტყუნებ, არც პოლიციას ვამტყუნებ, მაგრამ იმას ვერასდროს გავიგებ, რატომ გამოვიყენეთ რეზინის და კაუჩუკის ტყვიები,“ – ამბობს მეუფე იაკობი.

ამის შემდგომ ჟურნალისტმა ქორეპისკოპოსს ჰკითხა, ჰგონია თუ არა მას, რომ სიტუაციას გახარიას გადადგომა განმუხტავს, რაზეც მეუფე იაკობი პასუხობს:

“მე მაინც მასე არ ვფიქრობ.. სპეცრაზმი როდესაც არის, დიდი ხანი ითმენენ, ითმენენ და ეტყობა რაღაც პერიოდში ვეღარ მოითმინეს და ის რაღაცებიც გააკეთეს, რისი ბრძანებაც არ ჰქონდათ. მე არავის “გაპრავება“ არ მინდა მაგრამ ერთ რამეს ვუყურებდი… ის ადამიანები უნდა გადმოგვცვნენ ქართველებს, რომელიც ჟინით ესროდა სხვებს.  არ შეიძლება სახელმწიფომ ის ადმაიანი დაიცვას“.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ მან დაინახა, თუ როგორ ესროდა დამიზნებით ერთ-ერთი სპეცრაზმელი დემონსტრანტებს და განაცხადა, რომ ის მას მოძებნის და “თავისას მიიღებს“. იაკობის განმარტებით, ის მზად არის პასუხი აგოს “თუ რამეს ჩაიდენს”.

ქორესპისკოპოსმა გააკრიტიკა მეუფე პეტრეც, რომელმაც აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა და ხელისუფლებასთან ერთად, გააკრტიკა საპატრიარქოც.

 

“მეუფე პეტრემ, როგორც ყოველთვის, დღეს ერთხელ კიდევ ერთხელ მოიტყუა, თითქო ქაშუეთს ტაძარი დაკეტილი იყო, როდესაც ღია იყო, უშუალოდ ჩემი კონტროლის ქვეშ იყო ღიად. მეუფეს პეტრეს ვისგანაც აქვს ეგ ინფორმაცია, ახალაიებისგან თუ კიდევ ვისგან, ვერ გეტყვით. სჯობს ჭკვიანად იყოს და თავის საქმეს მიხედოს. ეპარქიიდან როდესაც ჩამოდის თბილისში, ან პატრიარქისგან, ან ქორეპისკოპოსისგან კურთხევა აიღოს, ისე უფლება არ აქვს, რომ გამოდის და კეკლუცად საუბრობს.

მე გეუბნებით ჩემს პოზიციას. როგორც 26-ში [2011 წლის 26 მაისი] გავაღებინე, გუშინაც იყო მთლიანად ტაძარი ღია და მაგას [მეუფე პეტრეს] თუ უნდა რაღაც პოპულარობის მოხვეჭა, ჩემთან ურთიერთობაში იცით რა დაემართება. შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ,“ – განმარტავს ქორეპისკოპოსი იაკობი.

ინტერვიუს ბოლოს მეუფე იაკობი ამბობს, რომ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა დაგეგმილი იყო და ამ გეგმას სათავეში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ედგნენ.

2018 წლის დეკემბერში მეუფე იაკობი გიორგი გახარიას ღიად დაუპირისპირდა და მას  “მოსკოვის კაცი” უწოდა.

“გახარია ჩემთვის ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია. თუ დაიწყო წინსვლა ზემოთ, ჩამოვაგდებთ. თუ ის გახდა [პრემიერ–მინისტრი], მთავრობას ეკლესიასთან დიდი პრობლემა ექნება”  – თქვა მაშინ ქორესპისკოპოსმა აევე ტვ “პირველთან” ინტერვიუში.


ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. მათ შორის ორმა მხედველობა დაკარგა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი