ახალი ამბები

“ყველანი გარეთ” – ბასიანი, ხიდი და გალერი ღონისძიებებს აუქმებენ და აქციას უერთდებიან

21 ივნისი, 2019 • 2568
“ყველანი გარეთ” – ბასიანი, ხიდი და გალერი ღონისძიებებს აუქმებენ და აქციას უერთდებიან

აქტივისტების მხარდასაჭერად, რომლებიც დღეს, 21 ივნისს, პარლამენტთან რუსულ ოკუპაციასა და ხელისუფლების ძალადობრივ დარბევებს აპროტესტებენ, “ხიდი“, “გალერი“ და “ბასიანი“ დღეს დაგეგმილ ღონისძიებებს აუქმებენ.

სამივე კლუბი ფეისბუკ გვერდებზე განცხადებებს ავრცელებს, სადაც აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიფრთხილეს საჭიროებს.

“საზოგადოების გაჩუმების ყველა მცდელობა უშედეგოა და საბოლოოდ ისევ საპროტესტო ტალღის გაძლიერებას უწყობს ხელს. ჩვენი საზოგადოება არ დათმობს ჩვენს მთავარ მონაპოვარს – თავისუფლებას, რომელსაც საფრთხე ემუქრება ერთის მხრივ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, ხოლო მეორეს მხრივ მოძალადე ხელისუფლებისა და სხვადასხვა ანგაჟირებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან”, – აცხადებს კლუბი ბასიანი და ყველას გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს.


ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.

21 ივნისის საღამოს მონაცემებით, კლინიკებში რჩება 50-ზე მეტი ადამიანი, მათგან სამის მდგომაროება მძიმეა – ისინი მართვით სუნთქვაზე იყოფებიანნ.

მასალების გადაბეჭდვის წესი