ახალი ამბები

დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით – ომბუდსმენი

21 ივნისი, 2019 • 1511
დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, დღეს, 21 ივნისს, 15 საათის მდგომარეობით, საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის აქციაზე დაკავებული 310 პირი იყო რეგისტირირებული.

სახალხო დამცველის აპარატი წერს, რომ პროცესების უმრავლესობას მათი წარმომადგენლობა დაესწრო და მნიშვნელოვანი დარღვევები გამოიკვეთა. ომბუდსმენი მოუწოდებს საქალაქო სასამართლოს, რომ აქციაზე დაკავებულ პირთა მიმართ სამართალწარმოება წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების სრულად შესაბამისად.

“სამწუხაროდ, საქმეთა განხილვა მიმდინარეობს დაჩქარებულად და დაკავებულებს არ ეძლევათ სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ისეთი მნიშვნელოვანი პროცედურული გარანტიებით სარგებლობა როგორიცაა, მტკიცებულებების წარდგენა, ეფექტური დაცვის უფლება, საქმის გონივრულ ვადებში განხილვა. სხდომების მიმდინარეობისას არის სმენადობის (უმეტეს შემთხვევაში გათიშულია დინამიკები) სერიოზული პრობლემა, რითიც ირღვევა სხდომების საჯაროობის პრინციპი,“- წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი წერს, რომ აპარატის წარმომადგენლებმა მონიტორინგი განახორციელეს პოლიციის სამმართველოებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში. დადგინდა 121 დაკავებული პირის ადგილსამყოფელი, 63 დაკავებული მოქალაქე მოინახულეს.

გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენი აფასებს 20 ივნისის აქციის დარბევას და ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებამდე ადგილზე არ მომხდარა აქციის მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე.

“აქციის მონაწილეებისთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია. ამასთან, მედიით გავრცელებული არაერთი ინციდენტის ამსახველი კადრი (მაგ., რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლა თავის არეში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ) მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე.

ძალის გადამეტების სავარაუდო შემთხვევები იკვეთება, აგრეთვე, დაკავებულებისგან მიღებული განმარტებებითა და საჯაროდ გავრცელებული ვიდეო მასალით. ყოველივე აღნიშნული საჭიროებს საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან დროულ და ეფექტიან გამოძიებას,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

9-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ირაკლი ხვადაგიანს, რომელიც ამბობს, რომ დაკავებისას სცემეს

 


ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ამ დროისთვის კლინიკებში 102 პაციენტი რჩება, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი