ახალი ამბები

ლაშა ბაქარაძე: საპარლამენტო კომისიამ უნდა გამოიძიოს, როგორ ხდება რუსების ასეთი გაპარპაშება

21 ივნისი, 2019 • 1253
ლაშა ბაქარაძე: საპარლამენტო კომისიამ უნდა გამოიძიოს, როგორ ხდება რუსების ასეთი გაპარპაშება

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი ლაშა ბაქარაძე „ბათუმელებთან“ იმ მოვლენებს აფასებს, რომელიც გუშინ განვითარდა საქართველოში რუსი დეპუტატის, გავრილოვის ვიზიტისა და შემდეგ საპროტესტო აქციის შედეგად. ლაშა ბაქრაძის აზრით, საზოგადოება მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას არ უნდა დასჯერდეს.

  • ბატონო ლაშა, რა შთაბეჭდილება შეგექმნათ იმ მოვლენებზე, რაც ამ ორ დღეში განვითარდა ქვეყანაში და როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია ამაზე?

ჩემი აზრით, ამ შედეგამდე მიგვიყვანა რუსეთთან ე. წ დათბობის პოლიტიკამ. ეს არის სწორედ იმ პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ვიღაც ქუცნაშვილი და მისი მსგავსი დეპუტატები ბედავენ და რატომღაც ძალიან ნორმალურია მათთვის, რომ გავრილოვის მსგავსებს შეხვდნენ და რაღაცაზე ისაუბრონ. საზოგადოებაში მანამდეც დიდი პროტესტი იყო, რომ გავრილოვი არ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და ამას ყური არ უგდეს. უფრო მეტიც, პარლამენტში დაპატიჟეს და მოხდა ისე, რომ ეს გავრილოვი აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე.

მართლაც, ეს არის დიდი შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების, წლების განმავლობაში რუსეთთან დაგროვილი პრობლემებიდან გამომდინარე. იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ პროტესტი გაეცხადებინა საზოგადოებას და გააკეთეს კიდეც.

ის, რომ იქ იყო ვიღაცეებისგან მოწოდებები, ვთქვათ, პარლამენტი ავიღოთ და ასე შემდეგ, ეს საკითხი რასაკვირველია მნიშვნელოვანია და ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, რამდენად იყო ეს მისაღები, მაგრამ ყოვლად მიუღებელი იყო, რაც ჩვენ შემდეგ ვნახეთ.

ახლა ამბობენ, რომ თურმე ეს იყო ადეკვატური რეაქცია. არავითარ შემთხვევაში არ იყო ადეკვატური, მე არ ვლაპარაკობ ტელევიზიების ან სხვების გავლენით, მთელი საღამოს და ღამის განმავლობაში იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე, რაც ხდებოდა. ეს იყო ყოვლად ამაზრზენი საქციელი, როდესაც ადამიანებს მიზანმიმართულად, ჩემს თვალწინ თავში ესროდნენ.

როდესაც გაზის გამოყენება ხდება, ან წყლის ჭავლის, ეს შესაძლებელია, მაგრამ რაც იქ მოხდა, გადის ყოველგვარი ადეკვატური რეაქციის ჩარჩოებიდან. ამიტომ აუცილებელია, რომ პასუხი მოეთხოვოთ იმ ადამიანებს, ვინც ასეთი ბრძანება გასცეს და მხოლოდ და მხოლოდ ერთი – პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა არავითარ შემთხვევაში არ არის დამაკმაყოფილებელი.

  • ფიქრობთ, რომ შს მინისტრიც უნდა გადადგეს თანამდებობიდან?

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ პასუხი არ მოეთხოვოს მინისტრს ტოტალური ძალის გადაჭარბების გამო და უცილებლად უნდა გადადგეს. ასევე, ძალიან ბევრ პოლიციის ჩინოვნიკსაც უნდა მოეთხოვოს პასუხი და დაისაჯონ ის პირები, რომლებიც პირდაპირ  ხელმძღვანელობდნენ გუშინდელ ძალადობრივ აქციას.

  • ხელისუფლებამ პროვოკაცია ახსენა რამდენჯერმე. ეს სჭირდებოდა საკუთარი პასუხისმგებლობის გადასაფარად, თუ იყო ამის თქმის საფუძველი?

სასაცილოა, როდესაც რაღაც პროვოკაციაზე საუბრობენ. გავრილოვი არსად არ დაჯდებოდა, რომ არ ყოფილიყო ამაზე სანქცია მიცემული. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ირაკლი კობახიძის გადადგომა არ არის საკმარისი, საქმე უნდა იყოს გამოძიებული საპარლამენტო კომისიის მიერ და ძალიან კარგად შესწავლილი, თუ როგორ ხდება რუსების ასეთი გაპარპაშება საქართველოში.

რაც წინა დღით მოხდა, ისიც იყო ამაზრზენი, როდესაც პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში დიდი პატივით მიიღეს გავრილოვები. მრავლობითში იმიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი გავრილოვის ამბავი.

  • რუსი დეპუტატი ამბობს, რომ საქართველომ ამ ყველაფრისთვის ოფიციალურად უნდა მოიხადოს ბოდიში.

ეს არის კიდევ ერთი დამატებითი შეურაცხყოფა და, რასაკვირველია, რუსები ყოველთვის შეეცდებიან საქართველოს შეურაცხყოფას.

ასევე სერიოზული პრობლემაა რუსი ტურისტების მასობრივი შემოსვლა ქვეყანაში, რადგან ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მასობრივი ტურიზმი სულაც არ არის წასახალისებელი. ჩვენ ვიცით, რას ყიდულობენ ისინი საქართველოში და არ ვიცით, სინამდვილეში სხვადასხვა ინვესტორი ფირმების უკან როგორი რუსული ძალები დგანან. ის, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდის პარპაშია, ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ და არ დავიწყოთ კუდის ქიცინი, არამედ ვთქვათ, რომ ეს, რაც ხდება საქართველოში, შეუძლებელია ასე გაგრძელდეს. სწორედ რუსების ასეთმა პარპაშმა მიგვიყვანა ყველასთვის ცხად მომენტამდე, როცა გავრილოვი დაჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ პასუხი არ მოეთხოვოს მინისტრს ტოტალური ძალის გადაჭარბების გამო. შეუძლებელია, რომ ამაზე პასუხი არ იყოს მოთხოვნილი და არ დაისაჯონ ის პირები, რომლებიც პირდაპირ გუშინდელ ძალადობრივ აქციას ხელმძღვანელობდნენ.

  • როგორ ფიქრობთ, უნდა გაიზიაროს თუ არა მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი წილი პასუხისმგებლობა გავრილოვის საქართველოში ვიზიტისთვის, რადგან სწორედ ის აქტიურობს მსგავსი ტიპის ღონისძიებებში?

ამაზრზენია, როგორც იქცევა საქართველოს ეკლესიის, სამწუხაროდ, დიდი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეკლესიაშიც არიან უაღრესად წესიერი ადამიანები და მე დავინახე გუშინაც, რომ, მაგალითად, იყვნენ ცალკეული მღვდლები იქ მოსული და ხალხთან ერთად იდგნენ. საერთოდ კი, ეკლესია უნდა გაიწმინდოს პრორუსული ძალებისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი