ახალი ამბები

კლინიკებში რჩება 55 ადამიანი, მათგან 3 მართვით სუნთქვაზეა – ჯანდაცვის სამინისტრო

21 ივნისი, 2019 • 2887
კლინიკებში რჩება 55 ადამიანი, მათგან 3 მართვით სუნთქვაზეა – ჯანდაცვის სამინისტრო

21 ივნისის 18 საათის მონაცემებით, თბილისის სხვადასხვა კლინიკაში დარბევის შედეგად დაშავებული 55 ადამიანი რჩება, მათგან 3 კი მართვით სუნთქვაზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კლინიკებში მყოფთაგან 12 სამართალდამცავია.

სამინისტროს ცნობით, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ რჩება 13 პაციენტი. ამდენივეა მოთავსებული „რეგიონალურ ჰოსპიტალში“.  11 პაციენტს უტარდება სტაციონარული მკურნალობა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში. „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში“ რჩება 6 დაშავებული, ხოლო 4  – „ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრში“. 2-2 პაციენტია მოთავსებული „ამტელ ჰოსპიტალსა“ და „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოში“. თითო პაციენტი რჩება „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში“, „ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში“, „ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“.

ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის ცენტრში აქციის დარბევის შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით 240 პირი, მათ შორის 80 სამართალდამცველი მოათავსეს კლინიკებში. მათგან 185-მა პაციენტმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.


ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი