ახალი ამბები

“ნუ გვესვრი“ – ჟურნალისტების აქცია შსს-თან და პროკურატურასთან [ფოტო]

21 ივნისი, 2019 • 1139
“ნუ გვესვრი“ – ჟურნალისტების აქცია შსს-თან და პროკურატურასთან [ფოტო]

დღეს, 21 მაისს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, შსს-თან და მთავარ პროკურატურასთან ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. ისინი იმ სამართალდამცველების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ, რომლებიც გუშინ დარბევისასდამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, სცემდნენ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

აქციის ორგანიზატორები თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტთა იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, პარლამენტთან გამართულ აქციაზე მობილიზებული სამართალდამცველები მათ მაინც აყენებდნენ სხეულის დაზიანებებს და ხელ უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.

ქარტიის ინფორმაციით, პარლამენტთან აქციის შემდეგ, სულ მცირე, 32 ჟურნალისტია დაშავებული, თუმცა ეს რაოდენობა პერიოდულად ზუსტდება.

ამ მოთხოვნით ჟურნალისტები თავდაპირველად შსს-თან მივიდნენ, სადაც ხელმოწერები შეიტანეს. შემდგომ კი მთავარი პროკურატურისკენ მსვლელობა გამართეს.

“მოვითხოვთ: იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, მაგრამ მაინც მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში;

მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებისა და ხელშეშლის ფაქტებზე,“ – წერია ჟურნალისტების განცხადებაში.

ჟურნალისტების აქცია “ნუ გვესვრი“. 21 ივნისი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ჟურნალისტების აქცია “ნუ გვესვრი“. 21 ივნისი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

პროკურატურაში მისულმა ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნები და მოუწოდეს უწყებას, ადეკვატურად გამოიძიოს პოლიციელთა გადაცდომის ყველა საქმე.

ჟურნალისტების აქცია “ნუ გვესვრი“. 21 ივნისი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი


ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი