ახალი ამბები

კობახიძის გადადგომა საკმარისი აღარ არის – ვაშაძე

21 ივნისი, 2019 • 778
კობახიძის გადადგომა საკმარისი აღარ არის – ვაშაძე

ოპოზიციისთვის ირაკლი კობახიძის გადადგომა საკმარისი არ არის. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს “ნიუ ჰოსპიტალსიდან” გამოსვლის შემდეგ, სადაც 20 ივნისის აქციის ძალისმიერი დაშლისას დაზარალებულები მოინახულეს. ადგილზე გიგი წერეთელი, ირმა ნადირაშვილი, გიორგი ვაშაძე და სხვები იმყოფებოდნენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ უნდა გადამდგარიყო, როცა რუსეთის დუმის დეპუტატი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მივიდა და თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. 20 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ კი, ვაშაძის თქმით, მხოლოდ კობახიძის პასუხისმგებლობა არ დგას.

“ირაკლი კობახიძე უნდა დაესაჯა ხელისუფლებას გუშინ. ირაკლი კობახიძის ნაცვლად მათ დასაჯეს ხალხი. თვალები დასთხარეს ადამიანებს, ყბები დაუმტვრიეს და რა მდგომარეობაში ჩააგდეს… ამიტომ, ამას უნდა მოჰყვეს შემდეგი ქმედებები: გახარიას გადადგომა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რადგან ხელისუფლებამ საერთოდ დაკარგა ლეგიტიმაცია”, – თქვა მან.

მისი თქმით, ოპოზიცია მოქალაქეებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას დღეს, 19:00-ზე, პარლამენტთან გააცნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი