ახალი ამბები

“აირზენა” მოსკოვის მიმართულებით ფრენებს აღადგენს

11 დეკემბერი, 2014 • 2039
“აირზენა” მოსკოვის მიმართულებით ფრენებს აღადგენს

როგორც იასე ზაუტაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მთავრობის წარმომადგენლებთან მიაღწიეს შეთანხმება, რომ გაუქმდეს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი 8 ივლისის ნოტა, რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებს მიენიჭათ შეუზღუდავი უფლება თბილისი-მოსკოვი-თბილისი მიმართულებით ფრენებზე. ასევე, შეთანხმება არის მიღწეული იმ პირობების აღდგენაზე, რაც იყო რუსეთის ფედერაციასთან ფრენების შეწყვეტამდე.

 

თუმცა, ზაუტაშვილის თქმით, რამდენიმე საკითხზე შეთანხმება არ მიღწეულა:


“რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროსგან გრანტის გამოყოფას, ფლაგმანის სტატუსის მინიჭებას და ნორმატიული აქტების შეცვლას, ეს გასაგებია, რომ 3 და 4 დღის საქმე არ არის და ამას მთავრობის შესაბამისი უწყებები ეტაპობრივად განახორციელებენ,”– თქვა მან.


იასე ზაუტაშვილის განცხადებით, მოსკოვის მიმართულებით ფრენები ხვალიდან აღდგება და აქციები აღარ გაიმართება. თუმცა, მისივე თქმით, თუკი ის პუნქტები, რაზეც შეთანხმება იქნა მიღწეული, ორშაბათამდე არ შესრულდება, “აირზენა” კვლავ განაახლებს აქციებს.

 

11 და 12 დეკემბერს “აირზენას” ფრენები მოსკოვის მიმართულებით შეწყვეტილი ქონდა, რისი მიზეზიც, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქართული და რუსული კომპანიების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება იყო.

 

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღვოდა ორ ქვეყანას შორის  ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი. ფრენები 2008 წლის მარტის ბოლოს აღდგა, თუმცა მალევე ისევ შეწყდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ. 2012 წლის დეკემბრიდან რეგულარული რეისების აღდგენის საკითხი საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინს შორის მოლაპარაკებათა ორმხრივ ფორმატში განიხილებოდა.


აირზენა
აირზენა

მასალების გადაბეჭდვის წესი