ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტია: ივანიშვილმა სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს 20 ივნისის მოვლენებზე

21 ივნისი, 2019 • 1060
რესპუბლიკური პარტია: ივანიშვილმა სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს 20 ივნისის მოვლენებზე

საქართველოს რესპუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს და 20 ივნისს პარლამენტის წინ ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს „ქართული ოცნების“ მთავრობას და პირადად პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

„პირადად ბიძინა ივანიშვილმა სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს 20 ივნისის მოვლენებზე,“ – ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოინელა, არ აპატია და მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევით შეეცადა სამოქალაქო საზოგადოების დასჯას, რომელმაც დაიცვა საკუთარი ეროვნული ღირსება და ხელი შეუშალა რუსეთის დუმის მიერ ორგანიზებულ ე.წ. „მართლმადიდებლურ საპარლამენტო ასამბლეას“ დამოუკიდებელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში. ბიძინა ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომლებმაც დაუყონებლივ უნდა დატოვონ თანამდებობები.

სახეზეა საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლების ხელში სახელმწიფოს ეროზია, ავტორიტარული რეჟიმიდან დიქტატურის გაფორმების მცდელობა, საკუთარ მოქალაქეებთან კონფრონტაციაზე წასვლა საერთაშორისო თვითიზოლაციის პირობებშიც კი“.

რესპუბლიკური პარტია პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით აუცილებლად მიიჩნევს უახლოეს პერიოდში საარჩევნო სისტემის შეცვლას და მრავალპარტიული არჩევნების საფუძველზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილებას.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის აზრით, არჩევნების გზით ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა არის სამოქალაქო საზოგადოების დაკვეთა, რომელსაც უკლებლივ ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალა უნდა დაემორჩილოს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი