ახალი ამბები

დეპუტატი გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეზე: „ეს სამარცხვინო ადამიანი მოაშორეთ“

21 ივნისი, 2019 • 1228
დეპუტატი გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეზე: „ეს სამარცხვინო ადამიანი მოაშორეთ“

„ქართული ოცნების“ ოფისთან პარტიის ყოფილი წევრი, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მივიდა, მან გუშინდელ საპროტესტო აქციას „ადამიანებზე ნადირობა“ უწოდა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვა. ლევან გოგიჩაიშვილი ოცნების ოფისში არ შესულა:

„ვაპირებდი მისვლას პარლამენტში, მაგრამ გავიგე, რომ იმართება პოლიტსაბჭოს სხდომა. მოვედი, რომ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, მივმართო „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს და ვუთხრა, გუშინდელი დღე თავიდან ბოლომდე არის ხელისუფლების ბრალი, ეს არის იმ უგუნური პოლიტიკის ბრალი, რომელიც დაიწყეს ადეიშვილის მოსამართლეების შემოტენვით, ბოლოს დაამთავრეს ოკუპანტი ადამიანის, რომელიც მთელი არსებით ეწინააღმდეგება ქართულ სახელმწიფოს მთავარ სავარძელში დასმით.

იმის ნაცვლად, რომ ყოფნოდა ვაჟკაცობა უბადრუკ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ გადამდგარიყო, ამ უპასუხისმგებლო და უგუნური ქმედების გამო, ამ დროის განმავლობაში დევნიდნენ ადამიანებს, რომლებიც გამოსულები იყვნენ ოკუპაციის გასაპროტესტებლად.

ერთი მხარეა ის პროვოკატორები, ნაციონალური მოძრაობა, რომელებმაც მიატოვეს ახალგაზრდები და გაიქცნენ, მაგრამ მეორე არის ნადირობა მთელი ღამის განმავლობაში იმ ადამიანებზე, რომელებიც იყვნენ შეურაცხყოფილები, ერთის მხრივ როდესაც საკუთარი პოლიტიკური ორგანოს მთავარ სავარძელში იხილეს გავრილოვი და შემდეგ, როდესაც მთელი ღამის განმავლობაში დევნიდნენ ლეგიტიმური პროტესტის გამო.

მოვედი, რომ მივმართო პოლიტსაბჭოს ეს სამარცხვინო ადამიანი მოაშორეთ, ეს არის მთავარი მოთხოვნა, ეს არ არის არც ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა და არც მათი ლიდერების. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. ნუ დაემსგავსებით ნაციონალურ მოძრაობას, თითქოს გინდათ რაღაცა ვაჟკაცობა და რაღაცა მოთხოვნის ფონზე არ გადააყენოთ ეს უბადრუკი პარლამენტის თავმჯდომარე. ეს სამარცხვინო ადამიანი, მაშინაც სამარცხვინო იყო, როდესაც უმრავლესობის წევრი ვიყავი. და ის ადამიანები იყვნენ სამარცხვინოები, ვინც ამ ანტურაჟს ქმნიდნენ და კომფორტს უქმნიდნენ თავმჯდომარეს. ახლაც სამარცხვინოა სიტუაცია“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი