ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრება

21 ივნისი, 2019 • 1334
ირაკლი კობახიძე პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრება

ჟურნალისტების ინფორმაციით, რომლებიც ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ცენტრალური პარტიის ოფისთან იმყოფებიან,  სხდომაზე მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ის აზერბაიჯანიდან ახლახანს დაბრუნდა. კობახიძემ ვიზიტი რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გააუქმა. პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთია დაიწყო. ჟურნალისტების თქმით, ადგილზე მისული პარტიის ლიდერების ჩაწერას ვერ ახერხებენ, რადგან ისინი პირდაპირ მანქანით მიდიან ოფისში შესასვლელამდე.

აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გუშინ სწორედ ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო, რომელმაც საკუთარი სავარძელი მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო სესიაზე დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს დაუთმო, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. თუმცა  ვრცელდება  ინფორმაცია, რომ შესაძლოა სხდომაზე ზაქარია ქუცნაშვილისთვის პარლამენტარის მანდატის ჩამორთმევის საკითხი განიხილონ. ეს ინფორმაცია პარტიის წარმომადგნელებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.

საპროტესტო აქციაზე სიტუაცია გუშინ, გვიან ღამით დაიძაბა, როცა სპეცდანიშნულების რაზმმა, რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით პარლამენტის წინ შეკრებილების დაშლა დაიწყო. სპეცდანიშნულების რაზმი უკვე დაშლილ აქციაზე დამიზნებით ესროდა აქტივისტებს რეზინის ტყვიებს. აქციაზე სამმა ადამიანმა დაკარგა მხედველობა, დაშავებულები არიან როგორც პოლიციის, ასევე აქციის მონაწილეები – 240 ადამიანი.

აქციაზე შეკრებილები რუსი დეპუტატის, სერგი გავრილოვის მიერ პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. ისინი ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ.

ამ დრომდე მომხდარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობა არც ერთ მაღალი თანამდებობის პირი არ აუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი