ახალი ამბები

ანა დოლიძე: ეს იყო რეალურად „ქართული ოცნების“ სუიციდი

21 ივნისი, 2019 • 1842
ანა დოლიძე: ეს იყო რეალურად „ქართული ოცნების“ სუიციდი

„ხელისუფლება ენის მაგივრად, საკუთარ მოქალაქეებს დაელაპარაკა სამართალდამცველების მეშვეობით. ეს იყო რეალურად „ქართული ოცნების“ სუიციდი,“ – მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იურისტი ანა დოლიძე. მისი აზრით, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას აშკარად ჰქონდა ადგილი, რადგან „დაშავდნენ ჩვეულებრივი ადამიანები“ და „არ იყო პროპორციული ძალა გამოყენებული“. იურისტი ხაზს უსვამს იმას, რომ ხანგრძლივი საპროტესტო აქციის განმავლობაში ხელისუფლება ხალხს უშუალოდ არ დაელაპარაკა.

„მსგავსი რამ არ მინახავს ევროპის არცერთ ქვეყანაში… ასეთ დროს საპატრიარქო კი არა, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები მიმართავენ ხალხს. კანონი ითვალისწინებს გაფრთხილებას და შემდეგ დაშლის მექანიზმებს და ამ მექანიზმებში ყველაზე რთულია ტყვია, როგორც უკიდურესი ზომა, რაც შეიძლება გამოიყენო.

ამ პროცესმა აჩვენა, რომ გაკოტრებულმა პოლიტიკოსებმა დაიტაცეს მშვიდობიანი, მასობრივი სახალხო პროტესტი. ძალადობის ესკალაცია აწყობს ორივე ჯგუფს, რომელსაც რესურსი ამოწურული აქვს. ერთი ვერ ცხოვრობს სიმშვიდეში, მეორე – ვერ ელაპარაკება ხალხს,“ – ამბობს ანა დოლიძე.

ანა დოლიძის აზრით, 20 ივნისის მოვლენებმა აჩვენა ისიც, რომ ხალხს რეალურად სურს დასავლეთი და ამჯერად ექსტრემისტმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ჩაიგდო პროცესი ხელში.

„ქართულმა ოცნებამ“ გადადგა გაუგონარი, დაუშვებელი ნაბიჯი, როდესაც ეს კაცი დასვა პარლამენტის სპიკერატში. ამას მოჰყვა ლეგიტიმური და სახალხო პროტესტი ჩვეულებრივი ადამიანებისგან, მათ შორის, ჩემი. რუსთაველზე შეიკრიბა უამრავი ადამიანი, თუმცა სამწუხაროდ, უნამუსო და ექსტრემისტმა ჯგუფებმა ჩაიგდეს პროცესი ხელში. იქ იყო ძალადობისკენ მოწოდებები. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ექსტრემისტული ნაწილი… ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უხანგრძლივდება ხელისუფლებაში ყოფნა „ქართულ ოცნებას“, არის „ნაცმოძრაობის“ ექსპტრემისტული ნაწილის პოზიციები. საქართველოს სჭირდება ამ ორი ძალის კოჰაბიტაციის დასრულება.

გამოჩნდა, რომ ხალხს უნდა დასავლეთი, ერთ დღეში, ერთმა დეპუტატმა გამოიწვია ამხელა შეკრება. ხალხის არჩევანი არის კეთილდღეობა და მშვიდობა. ქართველი ხალხის არჩევანი არ არის უწესრიგობა და რევოლუცია. ეს მიხეილ სააკაშვილის სცენარია, რომელშიც ჯდება ბიძინა ივანიშვილი, რადგან ერთმანეთის გარეშე არ იქნებოდა არცერთი. ახალი პოლიტიკური ფრონტი უნდა შეიქმნას და ეს ძალები უნდა წავიდნენ პოლიტიკურ მოუსავლეთში,“ – გვითხრა ანა დოლიძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი