ომბუდსმენის ოფისი სწავლობს აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ომბუდსმენი და მისი წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე აკვირდებოდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს. მათივე თქმით, აპარატის თანამშრომლებმა პოლიციის სამმართველოებში მოინახულეს აქციის დაკავებული მონაწილეები, რომელთა ნაწილმაც სამართალდამცავთა  მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიუთითა.

“სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად სწავლობენ აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს. ასევე მუშაობენ სავარაუდოდ დაკავებულ და დაკარგულ პირთა ადგილსამყოფელის დასადგენად. ამასთან, დააკვირდებიან სასამართლო პროცესებს, მოინახულებენ საავადმყოფოში გადაყვანილ დაზარალებულებს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსთაველს გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი სამართლებრივ შეფასებას მოგვიანებით გააკეთებს.

სავარაუდო უფლებადარღვევის თაობაზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს: 1481.

რა მოხდა

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი