ნეტგაზეთი | რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია – Netgazeti
RU | GE  

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

დღეს, 21 ივნისს, დილის 8:00 საათისთვის რუსთაველის გამზირზე საავატომობილო მოძრაობა აღდგენილია. პარლამენტის შენობის წინ, ცენტრალურ კიბესთან, რომელიც ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, მხოლოდ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

რუსთაველზე ასევე დასუფთავების სამსახური მუშაობს.

ბოლო შეტაკება მოქალაქეებსა და სამართალმდამცვლებს შორის დილით მელიქიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პოლიცია აქციის მონაწილეებს სადარბაზოებში და კორპუსების ეზოებში ეძებდა და აკავებდა.


რა მოხდა

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.


ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს და ვითარების განსამუხტად 3 წინაპირობას ასახელებს.

ოპოზიციას სამი მთავარი მოთხოვნა აქვს – მორიგი აქცია 19 საათზე ჩაინიშნა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი