ახალი ამბები

დღეს 9 აპრილი გაგვახსენე – მთავარეპისკოპოსი ზენონი ხელისუფლებას

21 ივნისი, 2019 • 2548
დღეს 9 აპრილი გაგვახსენე – მთავარეპისკოპოსი ზენონი ხელისუფლებას

ხელისუფლება, ნეტავ, ვისი გული გაახარე?! – ამ სიტყვებით მიმართავს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ხელისუფლებას.

“ეზეკიელ წინასწარმეტყველი ამბობს: ვინც ხალხის წინააღმდეგ აღმართულ მახვილს დაინახავს და საგანგებოდ ბუკს არ დასცემს, მე უფალი, საბაოთი, მას ვაზღვევინებ დაღუპულთა სულებს! ყოჩაღ, ხელისუფლება! როგორი მოშურნეობით აღასრულე პატივმოყვარეობისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილმა შენი ხალხის სისხლისღვრა! ასე გადაწყვიტე შენს ხალხში არსებული ეროვნული ღირსებისადმი პასუხმიგება? დღეს, 9 აპრილი გაგვახსენე, როგორ ნადირობდა მტრის სადამსჯელო რაზმები თავისუფლებისათვის მებრძოლი ჩვენი ხალხის მიმართ”, – წერს მთავარეპისკოპოსი.

მისი შესაფასებით, ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა ხალხის მიმართ.

“რა გითხრა დღეს ქართველმა ხალხმა? სამართლიანად მოგიკითხა და გითხრა: ჩემი სამშობლოს მტრის და ოკუპანტის სახე რატომ მანახე ჩემი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალის სავარძელში დაბრძანებული. ხალხმა გამოავლინა სახელმწიფოებრივი აზროვნება, შიშველი ხელებით საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვისათვის გამოვიდა და პასუხისმგებლობითა და მზრუნველობით მოპყრობის ნაცვლად, ბარბაროსული მეთოდებით მიმართე ძალის დემონსტრირებას. ნუთუ, ვერ ხვდები, რომ უსამართლობას და ბოროტებას დასასრულიც შესაბამისი აქვს”, – წერს მთავარეპისკოპოსი ზენონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი