ახალი ამბები

აქციაზე დაშავებულმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა საავადმყოფო დატოვა

21 ივნისი, 2019 • 804
აქციაზე დაშავებულმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა საავადმყოფო დატოვა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დარბევის დროს დაშავდა, საავადმყოფო დატოვა.

მისი თქმით, ტომოგრაფიის პროცედურის გავლის შემდეგ, ექიმებმა სამედიცინო დაწესებულებაში დატოვება სთხოვეს, თუმცა უარი თქვა.

“ჭრილობა დამიმუშავეს, თავზე რამდენიმე ნაკერიც დამადეს. თავის ტომოგრაფიის გაკეთების შემდეგ, ექიმებს სურდათ საავადმყოფოში დავრჩენილიყავი, თუმცა უარი ვთქვი. ეს ტყვია დამიზნებით მესროლეს, რათა გაეხსენებინათ ტკივილი.. თემირლანსაც დამიზნებით თავში ჰქონდა ნასროლი. 10 თვეა ამათ ვებრძვი და უკვე ვიცი ესენი რა მხეცებიც არიან,”-აცხადებს მაჩალიკაშვილი.

რუსთაველის გამზირის ნაწილი სპეცრაზმის კორდონს აქვს დაკავებული, რომელიც დროდადრო წინ მოიწევს და გაზის კაფსულებს ისვრიან. არიან დაშავებულები.

პარლამენტთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს მრავალათასიანი  აქცია. აქციის მონაწილეები ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი