“დღეს საქართველო მთელ მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც წელს გამოირჩევა დევიზით – ადამიანის უფლებები 365.
ადამიანის უფლებები არ არის დამოკიდებული ქვეყნებსა და მთავრობებზე, არ წარმოადგენს რომელიმე სოციალური თუ ინტელექტუალური ჯგუფის კუთვნილებას ან ჯილდოს სწორი ქცევისთვის. ეს არის კაცობრიობის მონაპოვარი – ის იდეალები, რომლებიც ცივილიზაციასთან ერთად ვითარდება და კიდევ უფრო მტკიცდება. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც კი ხშირად ვაწყდებით ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რომლებსაც ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა საფუძველი აქვს. სულ ახლო წარსულში ჩვენი საზოგადოება გახდა ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების მომსწრე. საზოგადოების თითოეული წევრი უნდა ზრუნავდეს ყოველი მოქალაქის უფლებების დაცვაზე და ხმა აღიმაღლოს უკანონობისა და ძალადობის ყოველი შემთხვევის წინააღმდეგ.
მე, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი, ამ მიმართულებით მუშაობას ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად მივიჩნევ და ვპირდები ჩემს თანამოქალაქეებს, რომ მუდამ ვიდგები თითოეული მათგანის თავისუფლების სადარაჯოზე,”– ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1950 წლიდან მოყოლებული გაეროს გენერალური ასამბლეა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ყოველი წლის 10 დეკემბერს აღნიშნავს. წლევანდელი სლოგანი “ადამიანის უფლებები 365” გამოხატავს იმ იდეას, რომ ყოველი დღე ადამიანის უფლებათა დღეა. ადამაინის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან, დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერი აქცია იმართება.








