ახალი ამბები

დაცვის სპეციალურმა სამსახურმა ჟურნალისტები პარლამენტის შენობიდან გამოაძევა

20 ივნისი, 2019 • 1111
დაცვის სპეციალურმა სამსახურმა ჟურნალისტები პარლამენტის შენობიდან გამოაძევა

პარლამენტში მყოფი ჟურნალისტები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ შენობიდან გამოაძევა.

კითხვებზე, თუ რა საჭიროა მსგავსი ზომები, ჩუბინიძე პასუხობს, რომ ეს უსაფრთხოების გამო ხდება.

“დეპუტატების გარდა ყველა გაბრძანდით… არ არის უსაფრთხო სიტუაცია… არ არის ორდინალური სიტუაცია, სიტუაცია უნდა დავაწყნაროთ,“ – ამბობს ის ვიდეოში, რომელიც რუსთავი 2–მა გაავრცელა.

პარლამენტთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს მრავალათასიანი  აქცია. აქციის მონაწილეები ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი